LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს საზღვარზე ტრანზიტის მიზნით შემოსულთა რაოდენობამ 16%-ით იკლო

2016 წლის იანვარში საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 323 ათას 159 ვიზიტორმა გადმოკვეთა. ეს მაჩვენებელი 2015 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 4,4 %-ით მეტია.

როგორც ”ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტიდან აცნობეს, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ვიზიტორების ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია: ტურისტი – 116 ათას 369 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 36%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 4,3%); ტრანზიტი – 48 ათას 466 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 15%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -16%); სხვა – 158 ათას 324 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 49%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 13%).

შსს-ს ცნობით, 2016 წლის იანვარშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ სომხეთიდან (-12,4%), თურქეთიდან (-5,6%), აზერბაიჯანიდან (+16%), რუსეთიდან (+10,2%) და უკრაინიდან (+8,6%) განხორციელდა.

როგორც საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში აცხადებენ, ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლის რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარშიც გამოირჩეოდნენ საფრანგეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი და გერმანია; შუა აზიის ქვეყნებიდან – ყაზახეთი, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან – ბელორუსი, ახლო აღმოსავლეთიდან – ისრაელი, ხოლო აზიის ქვეყნებიდან – არაბთა გაერთიანებული საემიროები. აღსანიშნავია, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 7%-იანი ზრდა.