ნატურალური წვენების მწარმოებელი კომპანია “ლივოს” პროდუქცია ექსპორტზე შევედეთის ბაზარზე გავა.
როგორც ”ფორტუნას” კომპანიაში განუცხადეს, ამ ეტაპზე დოკუმენტაციის მოწესრიგების პროცედურები მიმდინარეობს და სავარაუდოდ, ”ლივოს” წვენები შვედურ ბაზარზე უკვე ერთ თვეში გამოჩნდება.
”შვედური მხარე ძირითადად დაინტერესებულია ციტრუსის წვენებით, თუმცა სახეობებზე შეზღუდვა არ გვაქვს. საწყის ეტაპზე აღნიშნულ ქვეყანაში 5 სხვადასხვა სახეობის ნატურალურ წვენს გავიტანთ, შემდეგ კი ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე, შესაძლოა, საექსპორტო პროდუქციის რაოდენობა გავზარდოთ”, – განაცხადეს კომპანიაში.
მათივე ინფორმაციით, “ლივოს” წვენები ამ დროისთვის შვედეთის გარდა რუსეთში, ესტონეთსა და ყაზახეთში წარმატებით იყიდება. გარდა ამისა, მენეჯმენტი იმედოვნებს, რომ მათი პროდუქცია მალე ბალტიისპირეთის ყველა ქვეყანაში იქნება წარმოდგენილი.
„ლივო“ „გაყიდვების მართვის კომპანიის“ მიერ არის შექმნილი. იგი ბაზარზე 3 წლის წინათ გამოჩნდა. ამ დროისთვის „ლივოს“ 8 დასახელების წვენი “გუდვილის”, “ფრესკოს”, “სმარტისა” და “ნიკორას” სუპერმარკეტების ქსელში იყიდება.
