იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე პროცესები აჩენს ეჭვს, რომ საბჭოს მიერ მოსამართლეთა დანიშვნა დღეს ხდება გარიგებებისა და კლანური ინტერესების საფუძველზე, ამის შესახებ ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” წევრმა ნინო ლომჯარიამ, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ გააჩინა ეჭვი, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესში, არამარტო გასაუბრების, არამედ წერითი ნაწილის ეტაპზეც ადგილი ჰქონდა გარკვეულ კორუფციულ ფაქტებს.
”დღეს მამუკა ახვლედიანმა გადმოგვცა ერთი ტესტის ნიმუში, რომელიც ადასტურებს, რომ აპლიკანტს სიტყვა-სიტყვით აქვს გადმოწერილი პასუხი, რომელიც მარტო ტესტის ავტორმა იცის და რომლის გამჟღავნებაც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. კონკრეტულად რა დანაშაული შეიძლება იყოს, ეს გამოძიების თემაა. ფაქტია, რომ ნამდვილად დიდი სკანდალია” – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” წევრის განცხადებით, ფაქტია, რომ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდა ნოემბრის ბოლოს და საბჭოსათვის ტესტების სავარაუდო გამჟღავნების შესახებ ინფორმაცია ძალან მალე გახდებოდა ცნობილი.
”გასათვალისწინებელია, რომ მურუსიძის არჩევნები იყო დეკემბრის ბოლოს, სადაც საბჭოს წევრებმა დაადასტურეს რომ მხარი დაუჭირეს მის კანდიდატურას, მიუხედავად იმისა, რომ არ ეთანხმებოდნენ მის კანდიდატურას. როდესაც მურუსიძე იყო საბჭოს წევრი და კანდიდატი და არჩევამდე იცოდა, რომ საბჭოში იყო ასეთი სკანდალი და არ ასაჯაროვებდა. ჩნდება ეჭვი, ხომ არ მოხდა ეს ფაქტი გამოყენებული იმისათვის, რომ საბჭოს გარკვეულ წევრებს არჩევნებზე მიეღოთ ისეთი გადაწყვეტილება, როგორიც მათ არ სურდათ, ეს ფაქტი აჩენს შეკითხვებს, რომლებსაც გამოძიებამ უნდა უპასუხოს” – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
