დღეს, 2 საათზე, პარლამენტის წინ, გოგი თოფაძის წინააღმდეგ აქცია იგეგმება. შეგახსენებთ, მისმა გუშინდელმა განცხადებამ იმის შესახებ, რომ პრეზიდენტმა ქართველი ხალხი დაუნებს შეადარა, საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. არასამთავრობო ორგანიზაციები ამ განცხადებას, რომელიც დაუნის სინდრომით დაავადებული ადამიანების აშკარა შეურაცხყოფაა, აპროტესტებენ.
პროტესტს უერთდება ყოფილი მოდელი, ნინო ორდენიძე, რომელიც ჩვენთან საუბრობს ამის შესახებ.
ნინო:
მოწოდება, რომელიც სოციალურ ქსელში გავავრცელე, დღეს პარლამენტთან შეკრებასთან დაკავშირებით, არ არის მხოლოდ ჩემი მოსაზრების გამოხატვა. ამის უკან დგანან დაუნის სინდრომით დაავადებული ადამიანების მშობლები, აუტიზმით დაავადებულების მშობლები, არასამთავრობო ორგანიზაციები… გოგი თოფაძის გამოსვლა იყო სრული მარაზმი და უფრო დიდი მარაზმია იმ ადამიანების განცხადებები, რომლებიც ამას „აპრავებენ“. თუკი იმით ამართლებენ, რომ 80 წლის კაცია, მაშინ ის არ უნდა იყოს პარლამენტში. მისი ადგილი იქ არ არის. წავიდეს სახლში, ჩაიცვას ჩუსტები და დაჯდეს ტელევიზორთან. ფულის საშოვნელად არ არის მოხუცი და ასეთი განცხადებების გაკეთებისას მოხუცია?! ასეთი ადამიანი პარლამენტში არ უნდა იყოს. საიქიოს მოციქულები არ გვინდა პარლამენტში! მან არ იცის, რომ დაუნი იმ მეცნიერის გვარია, რომელმაც აღმოაჩინა ეს სინდრომი.
სხვასაც უთქვამს ეს სიტყვა უარყოფით კონტექსტში, მაშინ რომ არ მოჰყვა საპროტესტო აქცია, იმიტომაც გაიმეორეს სხვებმა, გოგი თოფაძე არ არის უკანასკნელი, ვინც ასე ლაპარაკობს და სწორედ ამიტომაც გამოვხატავთ პროტესტს. ამას ბოდიში და არც ჯარიმა შეცვლის.
ეს ადამიანის უფლებების დარღვევაა. დაუნის სინდრომით დაავადებულთა ახლობლები განრისხებულები არიან მისი ამ გამონათქვამის გამო. ასეთი გამონათქვამები არის საზოგადოების პრობლემა და საზოგადოებამ უნდა უპასუხოს. გვსურს, ერთხელ და სამუდამოდ მორჩეს ამაზე საუბარი. ყველამ უნდა მიიღოს ეს ინფორმაცია და დაუნი შეურაცხმყოფელ და უარყოფით კონტექსტში არავინ აღარ უნდა მოიხსენიოს.
ნინო მურღულია


