”თბილისის ეტიკეტის სკოლა” საბავშვო კურსის დაწყება გეგმავს. კურსი გათვლილი იქნება დაწყებითი კლასების მოსწავლეებზე.
როგორც ”ფორტუნას” სკოლის დამფუძნებელმა და ტრენერმა, ნინო ახალაიამ განუცხადა, ”თბილისის ეტიკეტის სკოლა” მომხმარებელს სთავაზობს განათლების მიღებას ეტიკეტის სფეროში.
”ეს არის დიდი სიახლე ქართულ ბაზარზე, ვინაიდან ამ ეტაპზე ჩვენ ვართ ერთადერთი ორგანიზაცია საქართველოში, სადაც შესაძლებელია სერტიფიცირებული კურსის გავლა ამ მიმართულებით”, -აღნიშნა ახალაიმ.
დამფუძნებლის ინფორმაციით, სკოლაში მისვლა შეუძლია ნებისმიერ მსურველს.
მისივე თქმით ”თბილისის ეტიკეტის სკოლაში ” სწავლის მსურველთა 80 % დასაქმებულია და ისინი სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან.
”რაც შეეხება სასწავლო პროგრამას, ჩვენი სტანდარტული კურსი მოიცავს ორ ასპექტს: სოციალურ და ბიზნეს ეტიკეტს. პირველი ეხება ჩვენს ყოველდღიურ, ნაკლებად ფორმალურ გარემოს, ხოლო მეორე და უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი ეხება საქმიანს . უფრო კონკრეტულად კი ჩვენი კურსი ფარავს შემდეგ თემებს: ეტიკეტის ძირითადი პოსტულატები, იმიჯი და საკუთარი თავის წარმოჩენის ხელოვნება, კომუნიკაციის ხელოვნება, ეტიკეტი საქმიან გარემოში, სტუმარ-მასპინძლობის წესები, სუფრასთან ქცევის წესი და ნაციონალური ეტიკეტი ანუ სხვადასხვა ხალხთა კულტურული თავისებურება”, – განმარტა ნინო ახალაიამ.
”თბილისის ეტიკეტის სკოლა” 2011 წელს დაარსდა და მისი მიზანია მსმენელს შესძინოს და განუვითაროს საზოგადოებაში ქცევის ნორმების თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები. სასწავლო კურსის სტანდარტული საფასური აქ 390 ლარია ერთ პერსონაზე, თუმცა ჯგუფებზე მოქმედებს ფასდაკლება. სწავლის ხანგრძლივობა კი მოიცავს ერთ თვეს.
