21 წლის ემბერ ჰიუზს, რომელიც ორსულობის 30-ე კვირაში იყო, გართულების გამო სასწრაფო საკეისრო კვეთა ჩაუტარეს, თუმცა ექიმებმა ბავშვი ვერ იპოვეს.
ემბერი ამბობს, რომ ქირურგებმა მუცელი გახსნეს და 2 წუთის განმავლობაში ეძებდნენ ბავშვს, თუმცა ჩვილის პოვნა მხოლოდ მაშინ მოხერხდა, როდესაც ბავშვის ტირილის ხმა გაიგონეს. აღმოჩნდა, რომ კვეთის პარალელურად ემბერმა ბუნებრივად იმშობიარა.
გოგონა ამბობს, რომ ოპერაციის დაწყების მომენტიდან მოუთმენლად ელოდა ბედნიერ წუთებს, როდესაც ბავშვს ამოიყვანდნენ, თუმცა, ამის ნაცვლად მან ექიმების შეშინებული სახეები დაინახა, რომლებიც პანიკაში იყვნენ და მუცელში ბავშვს ამაოდ ეძებდნენ.
„ორი წუთის შემდეგ კი ყველას ერთად მოგვესმა ბავშვის ტირილი და პატარა ოლი უკვე ჩემს ფეხებს შუა იწვა,“ – განაცხადა ემბერმა.
მისივე თქმით, ექიმებმა არც კი მოუბოდიშეს. ქირურგმა აუხსნა, რომ როდესაც დედა გაჭრეს, ბავშვს უკვე დაწყებული ჰქონდა გარეთ გამოსვლა, რაც მათთვისაც ძალიან უცნაური მოვლენა აღმოჩნდა.
„ახლა კი მე მაქვს ჭრილობა, რომლის გაკეთებაც, აღმოჩნდა, რომ სულ არ იყო საჭირო და ჯერ კიდევ ვცდილობ საკეისროს შემდგომ რეაბილიტაციას,“ – ამბობს ემბერი.


