LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში სწრაფი მომზადების ვერმიშელის წარმოება დაიწყო

ქართულ ბაზარზე ახალი კომპანია ”ჯეო ფუდი” გამოჩნდა. კომპანია ამიერკავკასიაში პირველია, რომელიც სწრაფი მომზადების ვერმიშელს – ”სუპინოს” აწარმოებს.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიის მენეჯერმა სოფო ბეგლარიშვილმა განუცხადა, ამ ეტაპზე ”ჯეო ფუდში” ვერმიშელის სამი სახეობა მზადდება – სოკოს, ქათმის და საქონლის.

”ჩვენი პროდუქცია არის აბსოლუტურად ნატურალური. არ შეიცავს ჯანმრთელობისთვის მავნე ემულგატორებს. მეტიც, ”სუპინო” მზადდება ნატურალური, რაფინირებული მზესუმზირის ზეთით,”- აღნიშნა ბეგლარიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ”ჯეო ფუდის” რეალიზაცია ჯერჯერობით მხოლოდ საქართველოს მასშტაბით ხორციელდება, თუმცა უახლოეს მომავალში ”სუპინო” ექსპორტზეც გავა.

”მიმდინარეობს მოლაპარაკებები მეზობელ ქვეყნებთან. ვინაიდან პირველები ვართ ამიერკავკასიაში, ვინც სწრაფი მომზადების ვერმიშელს ვაწარმოებთ, ჩვენი პროდუქციით სომხეთი და აზერბაიჯანი დაინტერესდნენ,”- აღნიშნა კომპანიის მენეჯერმა.

შპს ”ჯეო ფუდი” 2015 წელს დაარსდა, თუმცა წარმოება 2016 წლის იანვარში დაიწყო. კომპანიაში ამ დროისთვის 50-ამდე ადამიანია დასაქმებული.