LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ზიკას გადამტანი კოღო ბინადრობს – გვაქვს თუ არა ვირუსით დაავადების რისკი

ზიკას ვირუსით დაავადების შემთხვევაში ქალი ინფიცირებიდან 1 თვის განმალობაში არ უნდა დაორსულდეს, ამის შესახებ „ფორტუნას“ ეთერში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ვირუსი საფრთხეს მხოლოდ ორსულებს უქმნის, რადგან ზიკათი დაავადების შემთხვევაში ჩვილები ანომალიურად პატარა თავით იბადებიან. იმნაძის თქმით, ჯერ-ჯერობით, სხვა რისკ-ჯგუფები არ გამოვლენილა.

რაც შეეხება ზიკას არსებობას საქართველოში, პაატა იმნაძე ამბობს, რომ ვირუსის გადამტანი კოღო დაფიქსირდა ბათუმისა და ზუგდიდის მიმდებარე ტერიტორიებზე.  ამის მიუხედავად, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ჩვენს ქვეყანაში აღნიშნული ვირუსით დაავადების შანსი, ფაქტობრივად, არ არსებობს.