LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფი ვილი: კონცერტი 13 თებერვალს გაიმართება და ვალენტინობას მიეძღვნება

9 თებერვალს რადიო ”ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას ”არტ-FM”-ს რემზი ლუისი, ნინო სურგულაძე, სოფი ვილი და ნინო ანანიაშვილი სტუმრობდნენ.

 

 

რემზი ლუისი

ლეგენდარულმა პიანისტმა და კომპოზიტორმა, სამი ”გრემის” მფლობელმა რემზი ლუისმა სადებიუტო ალბომი 1956 წელს ჩაწერა და მას შემდეგ რამდენიმე ათეული, მათ შორის ხუთი ოქროს ალბომი გამოუშვა. 2006 წელს კი, 13 ეპიზოდისგან შემდგარი ტელეგადაცემა ”ჯაზის ლეგენდები” იხილა მაყურებელმა, რომელსაც სწორედ რემზი ლუისი უძღვებოდა.

– ბატონო რემზი, გაქვთ თუ არა ინფორმაცია საქართველოზე და აქამდე რატომ არ ეწვიეთ ჩვენს ქვეყანას?

– უკვე მესამედ ვარ მოწვეული თქვენს ქვეყანაში. აქამდე ორჯერ დაიგეგმა ჩვენი კონცერტი, თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო ორჯერვე გადაიდო. ყოველთვის იმედი მქონდა, რომ ჩამოვიდოდი და ძალიან მიხარია, რომ ახლა აქ ვარ.

– თქვენს მუსიკალურ კარიერაში ძალიან ბევრი ადამიანი ფიგურირებს. ამჯერად ახალგაზრდა მუსიკოსებთან მუშაობთ. რას წარმოადგენენ ისინი თქვენთვის?

– ერთ-ერთი, რითიც ვამაყობ, ისაა, რომ ხშირად არ ვიცვლები. 60-წლიანი მოღვაწეობის პერიოდში მხოლოდ ექვსი ბენდი მყავდა. ჯენტლმენები, რომლებთანაც ახალა ვმუშაობ, იდეალური შემოდგენლობაა, ვისთანაც სრულ ჰარმონიაში ვარ. ჩვენ მუსიკალურად ვავსებთ ერთმანეთს და ვახერხებთ ინდივიდუალურობის შენარჩუნებას. არაჩვეულებრივი ახალგაზრდები არიან, ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა მათთან ურთიერთობა და მიხარია, რომ უვადო კონტრაქტს მოვაწერეთ ხელი. 

– ძალიან ბევრი მუსიკოსი სწავლობს თქვენგან. რა შეგიძლიათ უთხრათ მათ? რას ნიშნავს თქვენთვის ჯაზი და რა არის აუცილებელი მის შესაქმნელად?

– ჯაზი, პირველ რიგში ინსტრუმენტის უბადლო ცოდნას ნიშნავს. გარდა ამისა, უნდა იცოდე ისტორია და მისი ტრადიციები – ვინ იყვნენ ის კორიფეები, ვინც ჯაზის ისტორიას ქმნიდა და ბოლოს, უნდა გინდოდეს საკუთარი თავის პოვნა. ყველა ლეგენდა საკუთარ შეცდომებზე სწავლობს. რაღაც მომენტში უნდა გაიაზრო რისი თქმა შეგიძლია შენ თვითონ. ამას კი, გარკვეული დრო და საკუთარ თავთან გულახდილი საუბარი ჭირდება.

 

 

ნინო სურგულაძე

8 თებერვალს, კონსერვატორიის დიდ დარბაზში, ნინო სურგულაძის გამოსვლა გაიმართა. კონცერტამდე ნინომ მოკლე ინტერვიუ მისცა გადაცემა ”არტ-FM”-ს.

– ნინო, დღეს პუბლიკის წინაშე გია ყანჩელის მუსიკით წარდგებით. რას ნიშნავს თქვენთის ეს საღამო და კონკრეტულად რას მოისმენენ კონცერტზე მოსული სტუმრები?

– დღევანდელი საღამო მართლაც გამორჩეულია, რადგან ჩვენი უსაყვარლესი კომპოზიტორის – გია ყანჩელის კინოსა და თეატრისთვის დაწერილი მუსიკა შესრულდება. ნაწარმოებები მოგვიანებით საფორტეპიანო მინიატურებად დამუშავდა, მათ ალესანდრო სტელა შეასრულებს, რომელიც სპეციალურად ამ საღამოსთვის ჩამოვიდა თბილისში. სტელა ყანჩელის დიდი ფანი და გულშემატკივარია, მას დისკიც აქვს ჩაწერილი და სწორედ ამ ნაწარმოებებს შეასრულებს დღეს. გარდა ამისა, იქნება ჩვენი დუეტიც, გია ყანჩელის სიმღერების ციკლს შევასრულებთ, რომლებიც ახლა დაიწერა გია საკანდელიძის ტექსტებზე. პირველად მე მექნება პატივი შევასრულო ეს კომპოზიციები და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ბატონმა გიამ სწორედ მე დამაკისრა ეს მეტად რთული და საპასუხისმგებლო, მაგრამ ამავე დროს ძალიან საინტერესო მისია.

 

 

სოფი ვილი

სოფი ვილი დამოუკიდებელი არტისტი, პოეტი, მუსიკოსი და ორი ალბომის ავტორია. პირველი ალბომი მუსიკოსმა 2012 წელს ჩაწერა და სწორედ ამ ნამუშევრით გააცნო თავი მსოფლიოს მუსიკალურ სამყაროს.

– სოფი, რა სიახლეებია თქვენს შემოქმედებაში?

– ცოტა ხნის წინ გამოვუშვით ახალი სინგლი ”Reveal”, რომელიც უკრაინას და ყველა იმ გმირს მიეძღვნა, ვინც ორი წელი იბრძოდა მეიდანზე. ამ ტრაგიკულმა მოვლენებმა დიდი კვალი დატოვა ჩემში და ძალიან მინდოდა გამოვხმაურებოდი. ამჟამად ახალ ალბომზე ვმუშაობთ და მსმენელს ბევრს სიურპრიზს ვუმზადებთ.

 – რამდენადაც ვიცი, ახლო მომავალში კონცერტს გეგმავთ. სოლო კონცერტი იქნება თუ ვინმეს მოწვევას აპირებთ?

– ერთი კვირის წინ გადავწყვიტეთ კონცერტის გაკეთება. საღამო 13 თებერვალს გაიმართება და ვალენტინობას მიეძღვნება. ერთგვარი კოლაბორაცია შედგება სანდრო ნიკოლაძესთან და ირაკლი მენაღარაშვილთან, რომლებიც ახალ პროექტზე ”Project #2” მუშაობენ.

– სოფი, მუსიკოსი რომ არ გამხდარიყავით, რომელ პროფესიას აირჩევდით?

– ბავშვობაში ტელეწამყვანობა მინდოდა. 5 წლის ასაკში მუყაოსგან ტელევიზორიც კი გავაკეთე და ყოველ საღამოს მამას, როგორც საინფორმაციო გადაცემის წამყვანი, სხვადასხვა ინფორმაციას ვუკითხავდი.

– რამდენადაც ვიცი, საუნდთრეკებზეც გიმუშავიათ. რომელ ფილმებშია გამოყენებული თქვენი მუსიკა?

– ბოლოს დამოუკიდებელ მოკლემეტრაჟიან ფილმებზე ვმუშაობდი. მათ შორისაა ბესო თურეზაშვილის ”დაკარგულები”, რომელმაც მრავალ ევროპულ, მათ შორის კანის კინოფესტივალში მიიღო მონაწილეობა. ესპანეთში ევროპის ფილმების ფესტივალზე კი, საუნდთრეკის და საუკეთესო ოპერატორის ნომინაციების გამარჯვებული გახდა.

– სოფი, როგორ ქმნით სიმღერებს?

– ყოველთვის სხვადასხვაგვარად. ზოგჯერ, ერთი სიმღერა რამდენიმე ისტორიის ნაკრებია, ზოგჯერ ნაწილ-ნაწილ იწერება და მერე იკვრება. გავლენას ახდენენ ადამიანებიც – ახლობლები, ვინც ჩემს გარშემოა და უცხოები, ვინც შემთხვევით გავიცანი.

– რამდენად ხშირად გიკავშირდებიან უცხოელი პროდიუსერები?

– პირველად ”ფიუჯისის” პროდიუსერი ჯონ ფორტე გამომეხმაურა, რომელმაც ჩემი ”Position” მოისმინა. მოგვიანებით, ნიუ-იორკში შევხვდით, ერთად მუშაობასაც ვაპირებდით, თუმცა ჯერჯერობით არ მოხერხდა, მსახიობმა მაიკლ შინმა კი, სიმღერა თავის შოუში, რადიო BBC-ის ეთერში გაუშვა. გარდა ამისა, სხვა ბრიტანელ და ამერიკელ პროდიუსერებთანაც ვთანამშრომლობ.

– როგორ ფიქრობთ, საბოლოოდ დაბრუნდებით საქართველოში თუ საზღვარგარეთ გირჩევნიათ ცხოვრება?

– ჩემთვის ძალიან ძვირფასია საქართველო – ქვეყანა, სადაც ჩემი ახლობლები და ოჯახის წევრები ცხოვრობენ. სამუდამოდ სხვაგან საცხოვრებლად გადასვლაზე არასდროს მიფიქრია, უბრალოდ ახლა განვითარების პერიოდი მაქვს და ხშირი მოგზაურობა მიწევს.

 

 

ნინო ანანიაშვილი

თებერვლის თვეში ოპერისა და ბალეტის თეატრში კიდევ ერთი პრემიერა იგეგმება. ბალეტის ”გორდა” აღდგენის იდეა ნინო ანანიაშვილს ეკუთვნის, რომელიც ახალი ქორეოგრაფიული ვერსიის და ლიბრეტოს ავტორია. წარმოდგენის მუსიკალური ხელმძღვანელი რევაზ ტაკიძე იქნება, დეკორაციებზე დავით მონავარდისაშვილმა, კოსტიუმებზე კი ანა კალატოზიშვილმა იმუშავეს.

– ქალბატონო ნინო, როგორია საპრემიერო სამზადისი?

– რა თქმა უნდა, ცოტას ვნერვიულობთ, რადგან სულ რამდენიმე დღე დაგვრჩა რეპეტიციებისთვის. ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფიაში არც ისე ბევრი ცვლილება შევიტანეთ, თუმცა გარკვეულ დეტალებზე ჯერ კიდევ ვაგრძელებთ მუშაობას. სპექტაკლი ძალიან დინამიური იქნება და ვფიქრობ მაყურებელიც კმაყოფილი დარჩება.

გადაცემის ჩანაწერი