LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში ”ბაბილონ თაუერის” მშენებლობა კვლავ შეჩერებულია

ბათუმში ”ბაბილონ თაუერის” მშენებლობა კვლავ შეჩერებულია. როგორც ”ფორტუნას” აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს, მშენებელმა კომპანიამ სამინისტროს საინვესტიციო ვალდებულებების გადავადების თხოვნით კიდევ ერთხელ მიმართა, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით სამინისტროს, ჯერჯერობით, გადაწყვეტილება არ მიუღია.

”კომპანიამ ვადის გაგრძელების თაობაზე მოგვმართა. ჩვენ კი მათგან მოვითხოვეთ, რომ შესრულებული სამუშაოების შესახებ დოკუმენტი წარმოედგინათ, რომელიც ამ დრომდე არ წარმოუდგენიათ. ჯერჯერობით, პროცედურები მიმდინარეობს და, ვალდებულებების გადავადებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიღებული არ არის”, – განმარტავენ სამინისტროში.

“ბაბილონ თაუერის” მშენებელმა კომპანია TAM GEO-მ აჭარის მთავრობას მშენებლობის ვადების გაგრძელების თხოვნით უკვე მესამედ მიმართა. კომპანიაში წილების გადანაწილების საკითხზე მფლობელები სასამართლოში დავობენ.

”ბაბილონ თაუერის” საინვესტიციო მოცულობა, 80 მილიონი დოლარია.

როგორც ცნობილია, კომპლექსის სიმაღლე 170 მეტრი იქნება და ის 2 კოშკისგან შედგება, საიდანაც ერთი საცხოვრებელი, საოფისე, სავაჭრო ცენტრი იქნება, ხოლო მეორე კომპლექსში – 4-ვარსკვლავიანი, მსოფლიო ბრენდის ფეშენებელური, სასტუმრო განთავსდება.

47-სართულიან კომპლექს “ბაბილონ თაუერის” მშენებლობა კომპანიამ 2012 წელს დაიწყო და 2015 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო. თუმცა მეწილეებს შორის წარმოქმნილი დავის გამო, კომპანია მშენებლობის დასასრულებლად კიდევ ორ წელს ითხოვს.