შესაძლოა, დღეს ჩვეულებრივი ორშაბათი გეგონოთ, სინამდვილეში კი განსაკუთრებული დღეა – 29 თებერვალი, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ დგება.
მართალია, ცივილიზებული მსოფლიოს მოსახლეობა თანხმდება, რომ ქალი და კაცი თანასწორუფლებიანები არიან, მაგრამ ხელის შეთავაზება დღემდე მაინც მამაკაცების პრეროგატივად რჩება.
თუ ქალს სურს, თავად შესთავაზოს ოჯახის შექმნა საყვარელ ადამიანს და გამბედაობა არ ჰყოფნის, ამისთვის არსებობს 29 თებერვალი – დღე, როდესაც ხელს ქალები სთხოვენ მამაკაცებს.
ძველი ირლანდიური ტრადიციის მიხედვით, წმინდა ბრიგიტას არ მოსწონდა წესი, რომ მეხუთე საუკუნეში ირლანდიაში ერში მცხოვრები ქალები ოჯახის შექმნისთვის კაცების გადაწყვეტილებას ელოდებოდნენ და ინიციატივის უფლება თავად არ ჰქონდათ. ამის შესახებ იგი წმინდა პატრიკსაც ესაუბრა, რის შემდეგაც წმინდა პატრიკმა მიიღო გადაწყვეტილება უფლება ჰქონოდა ყველა ქალს, ოჯახის შექმნის წინადადებით მამაკაცებისთვის 4 წელიწადში ერთხელ მიემართათ. ტრადიცია „ქალების პრივილეგიის“ სახელით გახდა ცნობილი.
29 თებერვლის ტრადიციას ბევრი ქალი დღემდე აგრძელებს და საყვარელ მამაკაცს სწორედ ამ დღეს თხოვს ხელს, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2016 წელია, მსოფლიო პოლიტიკასა თუ სხვა ნებისმიერ სფეროში უამრავი ქალი ლიდერია და ამ სქესის წარმომადგენლებს ოჯახის შექმნის შეთავაზებაც მამაკაცისთვის წლის ნებისმიერ სხვა დღესაც შეუძლია.

