LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალაიზიაში ნარკოტრეფიკის ბრალდებით დაკავებული ბაბუცა გორდაძე თბილისში ჩამოვიდა

მალაიზიაში ნარკოტრეფიკის ბრალდებით დაკავებული ბაბუცა გორდაძე თბილისში სავარაუდოდ ბაქოდან გუშინ, 19:00 საათისთვის ჩამოვიდა, ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს. რამდენიმეწლიანი პატიმრობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებული გორდაძე კომენტარს არ აკეთებს.

ბაბუცა გორდაძე დარეჯან კოხტაშვილთან ერთად 6 წლის წინ მალაიზიაში ნარკოტიკების შეტანის ბრალდებით დააკავეს. დარეჯან კოხტაშვილს აეროპორტში ბარგში სურათის ჩარჩოში 5 კილოგრამამდე ამფეტამინის შემცველი აბები აღმოუჩინეს.

მალევე სამართალდამცავებმა კიდევ ერთ მოქალაქეს, ბაბუცა გორდაძეს მიაკვლიეს, რომელსაც კოხტაშვილის მსგავსად, ასევე სურათის ჩარჩოში დამალული იგივე შემცველობის აბები უპოვეს. ორივე ქალს მალაიზიის სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.

მოგვიანებით თურქეთიდან დაბრუნდა და სამართალდამცველებს საკუთარი ნებით ჩაბარდა ბაბუცა გორდაძის მეუღლე, რომელმაც განაცხადა, რომ ორივე ქალს ნარკოტიკი ისე ჩაუდო, რომ მათ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ.

მალაიზიის სასამართლომ საპროცესო გარიგების საფუძველზე როგორც კოხტაშვილს, ასევე გორდაძეს სასჯელი შეუმსუბუქა.