LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თებერვალში ირანიდან 80%-თ მეტი ტურისტი შემოვიდა

მიმდინარე წლის თებერვალში, საქართველოს წინა წელთან შედარებით, 23,9%-ით მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია. მათ შორის, იმ უცხოელი მოგზაურების რიცხვი, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში, 19%-ით არის გაზრდილი.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, ეს პრაქტიკულად რეკორდული მაჩვენებელია. როგორც მან აღნიშნა, 2 თვის მონაცემებით, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან. მათგან ზრდის კუთხით გამოირჩევა იტალია, (+29%), საფრანგეთი (+29%), დიდი ბრიტანეთი (+14%), პოლონეთი (+12%) და გერმანია (+7%).

”ეს არის საქართველოს მთავრობის აქტიური მუშაობის შედეგი, რადგან წარმატებით წარმართავს საქმიანობას უცხოეთის მიზნობრივ ბაზრებზე”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, 2016 წლის თებერვალში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა: აზერბაიჯანიდან(+41,9%), თურქეთიდან (+12,2%), სომხეთიდან (+7,5%), რუსეთიდან (+29,2%) და უკრაინიდან (+23,5). რაც შეეხება ირანს, ირანიდან 80,1%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ბელარუსიდან +30,3%, ხოლო აშშ-დან +20,5%.

”დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ მზარდ დინამიკას მომავალ წლებშიც შევინარჩუნებთ. ქვეყანა მზად უნდა დახვდეს საერთაშორისო ვიზიტორთა ასეთ მზარდ ნაკადს. ამისთვის ჩვენ რამდენიმე მიმართულებით ვმუშაობთ. მათ შორისაა ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითთარება”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.