LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაუძლებს თუ არა მიწისძვრას ახალაშენებული კორპუსები – სპეციალისტის განცხადება

თბილისში, ბოლო 20-25 წლის მანძილზე აშენებულ და მიმდინარე კორპუსებს საფრთხე არ ემუქრება – ამის შესახებ რადიო ”ფორტუნას” ”მენაშენეთა ასოციაციის” ხელმძღვანელმა ირაკლი როსტომაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 90-იანი წლების შემდეგ აშენებულ არცერთ საცხოვრებელ კორპუსს ბზარიც კი არ გასჩენია და ეს იმ ფონზე, როცა გასულ წლებში, თბილისში ორი ძლიერი მიწიძვრა მოხდა.

„თბილისის სეისმოლოგიური ნორმა მინიმუმ 8 ბალიან მიწისძვრაზეა გათვლილი, თუ მშენებლობისას, ახალი კორპუსის მდგრადობა 8 ბალს ქვემოთ სიმძლავრზეა გათვალისწინებული, მაშინ ეს სერიოზული დარღვევა და დანაშაულია“ – აღნიშნა ”მენაშენეთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა.

როგორც ირაკლი როსტომაშვილმა განმარტა, მშენებლობის დროს თბილისში ძირითადი პრობლემა, შესაძლოა, შეიქმნას ე.წ. მეორადი მასალის გამოყენებისას, რაც, თავის მხრივ, ორ ნაწილად შეიძლება დავყოთ. მისი განცხადებით, ახალი კორპუსის მშენებლობის დროს კატეგორიულად დაუშვებელია მეორადი რკინის კონსტრუქციების გამოყენება, თუმცა საფრთხეს არ ქმნის, მაგალითად, მეორადი აგურის გამოყენება, რადგან ირანიდან და თურქეთიდან შემოტანილ ახალ, იმავე ტიპის პროდუქტს, ე.წ. მეორადი აგური ხარისხით მაინც სჯობს.

მეორადი რკინის კონსტრუქციის მაგალითი პრაქტიკაში თავად ”მენაშენეთა ასოციაციის” მიერ არის გამოვლენილი, ფაქტი ასოციაციამ მხოლოდ ერთხელ დააფიქსირა და მერიის შესაბამისი სამსახურების, ასევე თავად სამშენებლო კომპანიასთან წარმოებული მოლაპარაკებით, მასალა ახალი, სტანდარტის შესაბამისი პროდუქციით ჩანაცვლდა.

ირაკლი როსტომაშვილის თქმითვე, არანაკლებ საფთხეს უქმნის ახალ საცხოვრებელ კორპუსს ექსპლუატაციის ნორმების დარღვევა, მობინადრე თვითნებურად და გაუმართლებლად ანგრევს, მაგალითად, რომელიმე კონსტრუქციულ კედელს, ეს კი დაუშვებელია და მოქმედებს კორპუსის მდგრადობაზე.