LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში სპილოს, კუპიდონისა და აჭარული ხაჭაპურის ფორმის ბალიშები იყიდება

თბილისში ხელნაკეთ ბალიშებზე მოთხოვნა დიდია. როგორც ”ფორტუნას” დიზაინერმა თამთა მათითაიშვილმა განუცხადა, ბალიშებს შეკვეთის შესაბამისად ქმნის, ანუ აკეთებს ისეთ ბალიშს, როგორიც კლიენტს სურს.

”გამიკეთებია დაპრინტული, ნაქსოვი, ნაქარგი, აპლიკაციებით, დეკორატიული ბალიშები, სხვადასხვა ფიგურის და გმირების ფორმის ბალიშები. ამასთან, ხშირადაა შემთხვევა, როდესაც კლიენტის შეკვეთა უფრო ზოგადია და ბალიშის საბოლოო სახეს მასთან შეთანხმებით ვადგენთ. ამ დროს ერთად ვარჩევთ ქსოვილს, ზომას, ფორმას და ა.შ. შეზღუდვა ქსოვილსა და სხვა მასალაზე არ არის, ყველაფერი გამომდინარეობს შეკვეთის სპეციფიკიდან”, – აღნიშნა დიზაინერმა.

მისივე ინფორმაციით, ბალიშები გათვლილია როგორც ბავშვებზე, ასევე უფროსი ასაკის ადამიანებზე. რაც შეეხება გასაყიდ ფასს, ის სირთულის მიხედვით განისაზღვრება. მნიშვნელოვანია ასევე, გამოყენებული მასალა და ზომა.

როგორც თამთა მათითაიშვილმა განმარტა, საშუალოდ ფასები 10 ლარიდან იწყება  და 100 ლარამდე ადის.

”რაც შეეხება ბალიშების რეალიზებას, ბიზნესი დავიწყე “ფეისბუქზე” გვერდის შექმნითა და მასზე სურათების დადებით. როგორც ვთქვი, ძირითადად, ვმუშაობ შეკვეთებზე. ასე რომ, როგორც წესი, მზა ბალიშების რაოდენობა ბევრი არ მაქვს, მაგრამ არის რამდენიმე, რომელიც ატელიეში მაქვს გასაყიდად და ასევე რამდენიმე კვირის წინ დავიწყე თანამშრომლობა მაღაზია Flat-თან (მიცკევიჩის 6) სადაც უკვე იყიდება ჩემი ბალიშები. გარდა ამისა, მაქვს რამდენიმე შემოთავაზება ონლაინ მაღაზიებისგან, მათ შორის, უცხოურისგან”, – დასძინა დიზაინერმა.

ახალგაზრდა დიზაინერმა ხელნაკეთი ბალიშების ბიზნესი ერთი წლის წინ დაიწყო და როგორც თავად ამბობს, ამ ბიზნესით ვერ იცხოვრებ, თუმცა, დამატებითი შემოსავლის კარგი წყაროა.

12825686_1120514014648797_928147739_n

12825237_1120514074648791_1161188807_n