LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანიკიძე : ოდეერს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არაფერი ესაქმება

„საგანმანათლებლო დაწესებულებაში „ოდეერს“ არაფერი არ ესაქმება”, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული შეხვედრის შემდეგ განათლების მინისტრმა განაცხადა. თამარ სანიკიძის თქმით, შეხვედრა საინტერესო და დინამიკური იყო და რამდენიმე მიმართულებაზე შეთანხმება მოხერხდა.

„დავიწყებთ ერთად მუშაობას იმისათვის, რომ სისტემურად შევცვალოთ თვითმმართველობის სტრუქტურა. გავხადოთ ისეთი რომელიც მისაღები იქნება უნივერსიტეტისთვის და თანაბრად ყველა სტუდენტისთვის. იყო საკითხები, რომელიც შიგნით, უნივერსიტეტში გასარკვევიც იქნება და ამავდრულად შევთანხმდით იმაზე, რომ მე ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, უნივერსიტეტსაც და სტუდენტებსაც დავეხმარები იმ საკითხის გამოძიებაში, რომელიც უკავშირდება ე.წ. ოდეერს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, საგანგაშო, იმიტომ, რომ განათლების სისტემაში, მით უმეტეს უშუალოდ საგანმანათლებრლო დაწესებულებაში „ოდეერს“ არაფერი არ ესაქმება. განათლების სამინისტროს არ ყავს ოდეერი, იმიტომ რომ არ შედის იმ მაღალი რისკის შემცველ სამინისტროებში, რომლებსაც მხოლოდ და მხოლოდ მოთხოვნისა და ხელშეკრულების საფუძველზე შეიძლება ასეთი წარმომადგენელი ჰყავდეს. ამიტომ ჩვენ შესაძლებელია, რომ მივმართოთ პარლამენტსაც საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, მაგრამ ამავე დროს უნივერსიტეტშიც უნდა დაიწყოს მოკვლევა, შეგროვდეს ყველა ის პირველადი მასალა, რომელიც პროკურატურას გადაეგზავნება ამ საკითხის გამოსაძიებლად,” – განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, სანიკიძის თქმით, შიდა აუდიტის დეპარტამენტი დაკომპლექტებულია „აბსოლუტურად ნორმალური, კვალიფიციური აუდიტორებით და არა რომელიმე უშიშროების ან „ოდეერის“ წარმომადგენლებით“.

უნივერსიტეტის რექტორი ლადო პაპავა კი აცხადებს, რომ “ოდეერის” ინსტიტუტთან დაკავშირებით მოკვლევა ორშაბათიდან დაიწყება.

მისი თქმით, უნივერსიტეტის აუდიტის სამსახური ორშაბათს მიიღებს შესაბამის დავალებას და მოკვლევა დოკუმენტურად იქნება წარმოებული.