LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

QwooDi-მა ხის სათამაშოების წარმოება დაიწყო

QwooDi-მა ხის სათამაშოების  წარმოება დაიწყო. როგორც ”ფორტუნას” ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  სტუდენტმა,  დიმიტრი ჯუჯუშვილმა განუცხადა, ხის სათამაშოების შექმნის იდეა მეუღლესთან ერთად გაუჩნდა და ამის მიზეზი, ქართულ რეალობაში ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოების დეფიციტი გახდა.

”სათამაშოების შექმნის იდეა 4 თვის წინ გაგვიჩნდა, წარმოება კი ბოლო ერთი თვეა დავიწყეთ. ვმონაწილეობდით პროექტში  ”დაიწყე ბიზნესი Fab Lab-თან” . შევქმენით სათამაშოების პროტოტიპები. 8 მარტს გამოფენა გვქონდა , სადაც ჩვენი  პროდუქციის მიმართ  საზოგადოების მხრიდან საკმაოდ დიდი ინტერესი დავინახეთ. შესაბამისად, სამომავლოდ წარმოების გაზრდას ვგემავთ”, – განაცხადა დიმიტრი ჯუჯუშვილმა.

ხის სათამაშოებიხის სათამაშოები.jpg1

მისივე ინფორმაციით, QwooDi-ს ჯერჯერობით საკუთარი საწარმო არ აქვს და ნაკეთობებს Fab Lab-ის სივრცეში ქმნის, თუმცა მონაწილეობსსხვადასხვა პროგრამაში, მათ შორის დარეგისტრირდა პროექტ ”აწარმოე საქართველოში” და დაფინანსების მიღების შემთხვევაში ბიზნესს გააფართოებს.  როგორც დიმიტრი ჯუჯუშვილმა განმარტა, მისი მიზანია პლასტმასის მავნე სათამაშოები მცირედით მაინც ჩაანაცვლოს ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოებით.

”ჩვენ ვმუშაობთ ენ-დე-ეფ-ის,  ე.წ ფანერის მასალაზე, თუმცა დამკვეთის სურვილიდან გამომდინარე, შეგვიძლია ნებისმიერი ხის მასალის გამოყენება. ამ ეტაპზე გვაქვს 150-ამდე სათამაშო შექმნილი, რომელთა რეალიზაციასაც ”ფეიბუქის” გვერდის საშუალებით ვახორციელებთ. ფასები კი საშუალოდ 25-დან 55 ლარის ფარგლებში მერყეობს”, – განმარტა QwooDi-ის დამფუძნებელმა.

მისივე თქმით, მოთხოვნა ხის სათამაშოებზე საკმაოდ დიდია, რაზეც დაკვეთების რაოდენობა მიანიშნებს. შესაბამისად, დიმიტრი ჯუჯუშვილი,  ფინანსების მოძიების შემთხვევაში,  გეგმას სათამაშოებს შეფუთვა გაუკეთოს და გასაყიდად უკვე მაღაზიებში შეიტანოს.