LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”არ უნდა ხდებოდეს ფილმებში მსახიობის მეგობრობითა და ნათესაობით დაკავება”

Ardaidardo.Geგადაცემას ”დამზადებულია საქართველოში” მსახიობი პაატა გულიაშვილი ესტუმრა.


როგორ ხარ?

არ დაგიმალავ და ვღელავ. ცოტა დაბნეული ვარ. იმედი მაქვს, თქვენი ეთერი ჩემთვის კარგი იქნება. თქვენ ერთმნიშვნელოვნად წარმატებულები ხართ და იმედია ეს სიმღერაც გაალამაზებს ეთერს. ისე კარგად ვარ, წნევაც კარგი მაქვს.


რა განათლება გაქვს და ვინ უფრო ხარ, მომღერალი თუ მსახიობი?

დავამთავრე თეატრალური ინსტიტუტი და დიპლომში კინოსა და თეატრის მსახიობი მიწერია. კინოს მიმართულებას მაშინ არ ექცეოდა ყურადღება და გამოვიდა რომ თეატრს შევეჭიდე ბოლომდე. შემდეგ იყო სერიალი ”ასა”, ეს იყო ჩემი პირველი შეხება ტელევიზიასთან. სტუდენტობის პერიოდში ვცხოვრობდი ვახო ჩაჩანიძესთან და დიტო შარვაძესთან ერთად. ბატონი ავთო შარვაძე გვიტარებდა მასტერკლასებს, გიტარას გავიდებდით მხარზე და დავდიოდით აქეთ-იქეთ. დათო არჩვაძე, გიორგი გამსახურდია, ბიჭები ერთად ვიწყებდით მაშინ. ირაკლი ჩოლოყაშვილთან ვიკრიბებოდით ხოლმე. დაკვრა საერთოდ არ ვიცოდი. ვერც პირველს ვამბობდი, ვერც მეორეს და ვერც მესამეს. პირველი სიმღერა იყო ”ოცნების ბაღი”. ვქეიფობდით ხოლმე სამ ცალ პომიდვრის მწნილზე, კონიაკს მთაწმინდაზე სარკმლიდან ვყიდულობდით და საერთოდ როგორ ვართ ცოცხლები. შემდეგ იყო ტაში-ზურნა სიმღერები ტელევიზიისთვის.


უმეტესობა მაინც გიცნობს როგორც კარგ მსახიობს, როდის გადაწყვიტე, რომ მსახიობი გამხდარიყავი, როდესაც შენ ეს გზა აირჩიე, ძალიან დაბალ ანაზღაურებადი იყო…

მამა იყო მსახიობი თელავის თეატრში, მე ახლა ამ თეატრის ხელმძღვანელი ვარ. მამა ცოცხალი აღარ არის, ის თეატრში გარდაიცვალა… კულისებში გავიზარდე. ყოველთვის მინდოდა მსახიობობა, ჩემი ”ბირჟაც” იყო თეატრი. პროვინციის თეატრში მსახიობები არ არიან განებივრებულები სატელევიოზიო სერიალებით. რუსთაველის თეატრში მოხვედრა და ბატონ რობერტ სტურუასთან შეხვედრა ძალიან სერიოზული ეტაპია. ეს იყო წარმოუდგენელი. უსასრულოდ შემიძლია ფიქრი იმაზე, რა ადამაინებს შევეხე. რუსთაველამდე წავედი თელავში, რადგან მაშინ მხოლოდ თეატრალური სარდაფი იყო რუსთაველზე. თუ რამე ახალგაზრდა გმირი იყო სათამაშო, ყველა როლი მე მქონდა. ვიღებდით ჯილდოებს… შემდეგ მომიწვია ჭოლამ. მონო სპექტაკლი გავაკეთე ”დუბლიორი” და ძალიან დიდი წარმატება მომიტანა. ჭოლამ ეს რეპერტუარში დატოვა. შემდეგ იყო თავისუფალი თეატრი, სამეფო უბნის თეატრი, რუსთავის თეატრი და თელავის თეატრი. ჩვენი საქმე არის იღბალი. მსახიობებს სხვა შემოსავალი არ აქვთ…


რომელია შენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი როლი?

ჟანრობრივად რეჟისორები ცდილობენ კომიკურ სახეს მოერგონ. რუსთაველის თეატრში ბატონმა რობერტმა ეს ხაზი არ განავითარა. ჩემს ცხოვრებაში იყო ”წლის საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობის წოდება” – ”იასამნებში” ბაჩა ვითამაშე. რუსთაველის თეატრში ძალიან გახმაურებული სპექტაკლი იყო ”ჯარისკაცი, სიყვარული, დაცვის ბიჭი და… პრეზიდენტი” ვითამაშე ბატონი ოთარის როლი. ბევრი ჩოჩქოლი გამოიწვია ამ ფაქტმა. მოხსნეს კიდეც და ორი წელი აღარ გადიოდა. შექსპირის ”იულიუს კეისარშიც” მომიწია თამაში და კასკას ვასრულებ. მაგარი როლია, ძალიან მიყვარს, ბევრი ვიშრომეთ. მე ძალიან ნერვიული ვარ, ზომაზე მეტადაც კი. ოხუნჯობაში გადამაქვს ნერვიულობა. 5-6 სპექტაკლი მაინც გჭირდება რომ გაითავისო როლი.


თელავის თეატრზე მინდა გკითხო…

მსახიობების პრობლემა იყო და ახლაც არის. რუსთაველის თეატრსა და თელავის თეატრს შორის არის გაფორმებული მემორანდუმი და თელავში თამაშობენ რუსთაველის თეატრის მსახიობი. ასევე გვყავს სტუდენტებიც და შეივსო შტატი. იქ ვინც არიან, ცოტა ასაკი აქვთ, მაგრამ ძალიან ძლიერები არიან. მალე ”ხანუმას” პრემიერა გვექნება და თბილისშიც წარმოვადგენთ.


ვისაუბროთ ფილმებზეც, ტელევიზიაზეც…

ამჟამად მიმყავს ”ფანოღი” და ”რუსთავი ორის” დილის ეთერში მაქვს ჩემი რუბრიკა ”ანეგდოტები”. არანაირი დავთარი არ მაქვს სხვათაშორის, მხოლოდ ვინიშნავ დილას ეთერისთვის. რაც შეეხება კინოს, ეს არის საოცარი სამყარო, მაგარი რამეა. პირველი კინო იყო ხუთი ნახვით შეყვარება, მხატვრული ფილმი იყო. შემდეგ იყო ”ქაღალდის ტყვია”…


ხშირად აღნიშნავენ, რომ მსახიობები კინოში ისევე თამაშობენ, როგორც თეატრში…

ხო, არაფერი რომ არ ქნა, ისე გიმატებს შვიდ კილოს. შეიძლება გაცინება იყოს საჭირო და ისე გადაიხარხარო, რომ წამგებიანი იყოს. მგონია, რომ ცოტა იპრანჭებიან და ისე თამაშობენ, შეიძლება ჩემზეც ასე თქვას ვინმემ. ამბობენ, რომ კოცნის სცენა ქართველებს არ გამოსდით, თუმცა რამდენი ძველი ქართული ფილმია და არ მგონია, არ გამოგვდიოდეს. არ უნდა ხდებოდეს ფილმებში მსახიობის მეგობრობითა და ნათესაობით დაკავება. ჩვენთან ქასთინგის ამბავიც სხვანაირად არის, სინამდვილეში კი ურთულესია რამეა. იცი რა ტეხავს? პროდიუსერის ინსტიტუტი არ არსებობს, გირეკავენ და გეუბნებიან, რომ დაბარებული ხარ ქასთინგზე. რომ ეკითხები, ვთქვათ მოვეწონე, რამდენს გადაიხდის? ჯერ შეგარჩევენ და მერე მიდის თანხაზე მოლაპარაკება. მსახიობი ყოველთვის მეორე ხარისხოვანია. კოტე თოლორდავას სურდა გილდია ჩამოეყალიბებინა და ამ საკითხებისათვის მიგვეხედა.


ვისაუბროთ ფილმზე ”რობიზონ კრუზო”…

იდეა ეკუთვნის გიორგი კიკალეიშვილს, კიკალას. სცენარის ავტორი არის დრუპი. ფაბულა რა თქმა უნდა რობიზონ კრუზოდან არის, მაგრამ ქართველ გმირს ჰქვია რობიკო, არ უმართლებს, უბედური ცოლი ჰყავს, ბავშვს დაბადების დღეს ვერ უხდის, ცხოვრობს იტალიურ ეზოში. მე მთავარ როლს ვასრულებ. სერიოზული და პოპულარული ადამიანებით არის სავსე. რობიკოს აგზავნიან საქმეზე, ვარდება თვითმფრინავიდან და ხვდება ქალების კუნძულზე. ბაქოში უკვე შედგა პრემიერა. საქართველოში დახურული ჩვენება გაიმართა.


ახლა რას საქმიანობ?

კომედი არხზე ვაკეთებთ კომედიურ სერიალს. სასაცილო, მსუბუქი პროდუქტია.


მეგრელზე მითხარი რამე ანეგდოტი…

ერთ-ერთმა მეგრელმა დამირეკა და მითხრა რა არის, სულ მეგრელებზე ყვებიო, არადა, რომ დავითვალე ყველაზე მეტი მაინც კახელებზეა. მეგრელი იწყებს სამსახურს და ჰკითხეს, ეს იცი? ის იცი? ბოლოს ჰკითხეს ინგლისური თუ იციო? ინგლისური? მეცოდინება კაცო….


ვისაუბროთ სიმღერაზე, რომელიც ჩვენთან მოიტანე…

ეს არის ნანა მესხის სიმღერა. სახელწოდება გახლავთ ”ხარება ქალო”. სუფრაზე ვიყავით, ვმღეროდი… მოვიდა ნანაც და დავმეგობრდით. აი, შენს სიმღერას კი ვიმღერებდი თქო ვუთხარი. რაღაც პერიოდის შემდეგ დამირეკა და მითხრა, მოისმინე თუ მოგეწონებაო. შემიყვარდა სიმღერა. ჩაიწერა ”სანო სტუდიაში”.

პაატა გულიაშვილი – ხარება ქალო 

AudioPAATA GULIASHVILI – XAREBA QALO

გადაცემის აუდიოჩანაწერი

AudioDAMZADEBULIA SAQARTVELOSHI – PAATA GULIASHVILI

პაატა გულიაშვილი – ხარება ქალო (ვიდეო)

პაატა გულიაშილი – თოვს. Live

პაატა გულიაშილი. Live




ვიდეო კოლაჟი