მთავრობის გამოწვევაა ტრანზიტული ფუნქციის გაძლიერება, რათა საქართველო გახდეს ლოჯისტიკური ჰაბი, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დონორთა ყოველწლიურ სააკორდინაციო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველო სწორედ ამ მიზნით ახორციელებს ანაკლიის პორტის პროექტს, რკინიგზის მოდერნიზაციას და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის მშენებლობას.
”ვმუშაობთ ახალი ეკონომიკური კანონების მიღებაზე და არსებულის დახვეწაზე, რათა გაუმჯობესდეს საქართველოში ბიზნეს გარემო. დონორების ფინანსური დახმარების წყალობით, შემუშავდა ტურიზმის განვითარების სტრატეგია, რომლიც 15 პრიორიტეტს და 150-მდე სხვადასხვა ღონისძიებას ითვალისწინებს. შევიმუშავეთ სტრატეგია 2016-2020 წლებისთვის, რომელიც გააუმჯობესებს ბიზნეს გარემოს. ეს პროცესი კი მოითხოვს დახმარებას დონორების მხრიდან” – განაცხადა ქუმსიშვილმა.
მან დონორი ორგანიზაციების წარმოამდგენლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, თბილისში დღეს დონორების ყოველწლიური საკოორდინაციო ფორუმი გაიხსნა. ფორუმი წარმოადგენს საგარეო დახმარების ეფექტიანობის გაუმჯობესების შესახებ პარიზის დეკლარაციის პრინციპების განხორციელების ერთ-ერთ მექანიზმს. საქართველო პარიზის დეკლარაციას 2011 წელს მიუერთდა. დეკლარაცია განსაზღვრავს დახმარების მიმღებ ქვეყნებსა და დონორ ქვეყნებს და ორგანიზაცებს შორის თანამშრომლობის პრინციპებს, რაც ითვალისწინებს ორმხრივ ანგარიშვალდებულებას, მჭიდრო კოორდინაციას პარტნიორებთან და ინფორმაციის რეგულარულ გაზიარებას.
ფორუმი ყოველწლიურად იმართება და მას ორგანიზებას უწევს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
დონორების ყოველწლიურ საკოორდინაციო ფორუმს საქართველოს მთავრობის წევრები, საქართველოში აკრედიტებული ელჩები და დონორი ორგანიზაციების ხელმძღვანელები დაესწრნენ.
