LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკის სამინისტროს ახალ შენობაში გადასვლა დაჩქარდება

ეკონომიკის სამინისტროში თანამშრომელთა თათბირი მიმდინარეობს, თუ რა ფორმით და როგორ გააგრძელებს უწყება მუშაობას.

როგორც ”ფორტუნას” სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, თანამშრომელთა მცირე ნაწილი უკვე შენობაში იმყოფება, თუმცა მუშაობა ჯერ არ განახლებულა. ადგილზე იმყოფება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.

”ცეცხლი ორი სართულის რამდენიმე ოთახში გავრცელდა და როგორც მეხანძრეებმა გვითხრეს, დამწვარია დაახლოებით 500 კვ. მ. ფართობი. ამ წუთებში ვთათბირობთ, როგორ და რა ფორმით უნდა გაგრძელდეს მუშაობა. ზარალის ოდენობა და ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ არ ვიცით. მიმდინარეობს მოკვლევა” – განუცხადეს ”ფორტუნას” სამინისტროს პრეს-სამსახურში.

ამასთან, სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ უწყების ახალ შენობაში გადასვლის პროცესი დაჩქარდეს.

”ჭანტურიას ქუჩაზე მდებარე შენობიდან გადასვლა ისედაც გათვალისწინებული გვქონდა აპრილიდან. ვნახოთ, რა გადაწყდება” – განაცხადეს სამინისტროში.

ეკონომიკისა სამინისტროს შენობაში ხანძარი დილის 6.00 საათზე, შენობის მეექვსე სართულზე გაჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო 11 ერთეული სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. დაშავებულია ერთი ქალბატონი, რომელიც დამლაგებლად მუშაობდა.