პარტია „ქართული ოცნება“ არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს, ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
“მისაღები ფორმაა, რომ “ქართული ოცნება” გავიდეს დამოუკიდებლად არჩევნებზე. შესაბამისად, გაკეთდა განცხადება “რესპუბლიკური პარტიის” მხრიდანაც.
მიუხედავად ამისა, ჩვენ ვთვლით, რომ ამ ეტაპზე საჭიროა გავაგრძელოთ ჩვეულებრივად მუშაობა მთავრობაში, პარტიული კუთვნილების მიუხედავად მთავრობის სტაბილურობა არის მნიშვნელოვანი.
შევეცდებით, რომ ამ რეჟიმში მუშაობა გავგრძელოთ არჩევნებამდე, შემდგომ თანამშრომლობის ფორმებზე დღეს საუბარი ნაადრევია. საჭიროა, რომ მოსახლეობამ გააკეთოს შესაბამისი არჩევანი.
არჩევნებში პარტიების დამოუკიდებლად მონაწილეობა არის ჩვეულებრივი საერთაშორისო პრაქტიკა და ამაში განსაკუთრებული არაფერია. ჩვენ ვთვლით, რომ ნორმალურია, როდესაც დამოუკიდებლად გავალთ არჩევნებზე პარტიები”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
ამასთან, პრემიერ-მინისტრის თქმით, “რესპუბლიკელი” მინისტრები, პარტიის კოალიციიდან გასვლის მიუხედავად, თანამდებობებს შეინარჩუნებენ.
“ვთვლით, რომ ნორმალური და მისაღებია, როდესაც “ქართული ოცნება” დამოუკიდებლად გავა არჩევნებში. “რესპუბლიკელების” მინისტრები ჩვეულებრივად გააგრძელებენ მთავრობაში მუშაობას. მიუხედავად “რესპუბლიკური პარტიის” განცხადებისა, მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე საჭიროა გავაგრძელოთ მუშაობა ჩვეულებრივად”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
