
– ქალბატონო ციური თქვენგან დავიწყებ, როგორ ხართ?
– სულ ვმუშაობ, კულტურისა და მეცნიერების აკადემიაში ვასწავლი, ბევრ სტუდენტს ვზრდით. ერთ-ერთი სტუმარია ავთო ჩადუნელი, რომლის სიმღერებიც თქვენთან ხშირად ტრიალებს. უზომოდ მიყვარხართ ყველა, მიხარია, რომ თქვენს ეთერში ვარ, დალოცვილები იყავით.
– ვინ არიან ის ადამიანები, ვისთანაც თქვენ გიმუშავიათ?
– ჩემი პირველი ანსამბლი იყო ”ალილო”, მას გურამ თამაზაშვილთან ერთად რვა წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი. მინდა, ჩემი შექმნილი ანსამბლი, ”ივერონი” ვახსენო, მისი სოლისტია მერაბ ვარდოსანიძე… ბევრნი არიან, რა ჩამოთვლის ჩემ მოსწავლეებს.
– რამდენი სიმღერა გაქვთ დაწერილი და თავად თუ ასრულებთ?
– ბევრი სიმღერის ავტორი ვარ, ანა მალაზონია და ფანდურა ასრულებენ ჩემს სიმღერებს. ჩემ დაწერილ სიმღერებს თავადაც ვმღერი. ამჟამად ანსამბლი ”ზარები” მყავს.
– თქვენი მუსიკალური ნიჭი გენეტიკურია?
– პაპიდა მყავდა მომღერალი, ლამარა ჯაფარიძე-მჭედლიძე, ჩემი ბიძაშვილებიც მღერიან.
– თუ მღერიან თქვენი შვილები?
– ორი შვილი მყავს, ნინო და ხატია ლომსაძეები და ორივე ძალიან კარგად მღერის, თუმცა მე არ მისწავლებია.
– რომელი სიმღერაა თქვენი სავიზიტო ბარათი?
– 1987 წელს იყო კონკურსი ”ჩვენ ვეძებთ ტალანტებს”, სადაც მე და გია სურამელაშვილმა გავიმარჯვეთ, ჯემალ ბაღაშვილი იყო ორგანიზატორი და ისე მოეწონა ბატონ ჯემალს ჩემი ნამღერი, რომ ”ივერიაში” მიმიწვია. ჩემი პრემიერა შედგა ფიროსმანში ”ყარაჩოღელოთი”, ირინას როლი მქონდა. ამ დრომდე ფართო საზოგადოება არ მიცნობდა. ეს არის მედეა კარტოზიას სიმღერა. სადაც არ უნდა წავიდე, ყველა ამ სიმღერას ითხოვს. არ ვერიდები ძველი სიმღერების ახლებური ვერსიების ჩაწერასაც.
– ბატონო ნუგზარ, თქვენ ბრძანდებით ტატო გოდერძიშვილის ბიძა, მსმენელისთვის ვიტყვი და მას თქვენი რამდენიმე სიმღერა აქვს ჩაწერილი. როდის დაიწყო თქვენი და ციური მჭედლიძის თანამშრომლობა?
– 2000 წელი იყო, როდესაც ის ”ალილოს” ხელმძღვანელობდა. ჩვენ განვიზრახეთ პროექტ ”პატრინოტში” ჩემი ნაწარმოები აგვემღერებინა. დავიწყეთ რეპეტიციები ანსამბლ ”ივერონთან” ერთად, გაიმარჯვა ნაწარმოებმა, ოპერაში შესრულდა.
– შევახსენოთ მსმენელს თქვენს მიერ დაწერილი სიმღერები…
– მერაბ სეფაშვილი მღეროდა სიმღერას ”საგალობელი”, ამ სიმღერას ”მზიურიც” ასრულებდა, ”ნერგებიც”… ”საქართველო მრავალჟამიერ” – ამასაც მერაბ სეფაშვილი მღეროდა. თემურ წიკლაური მღეროდა ”იარონ, იარონ”, ”გამხმარ იებს”… ”იყალთოს ჰიმნს” კი რობერტ ბარძიმაშვილი და ეთერ კაკულია მღეროდნენ.
– სერიოზულ მომღერლებზე საუბრობთ, რომელ მათგანს გამოარჩევდით?
– რთულია არჩევანის გაკეთება, მაგრამ მაინც ვიტყვი… მერაბ სეფაშვილი, თემურ წიკლაური, მანანა თოდაძე, რომელმაც წამებში ჩაწერა სიმღერა. ასევე, თამუნა ამონაშვილი, ეკა კვალიაშვილი, ტრიო ”სიმი” და ტატო გოდერძიშვილი.
– რა პრინციპით არჩევთ მომღერლებს?
– შეკვეთებიც არის ხოლმე, სასურველია ჯერ სიმღერა იყოს და შემდეგ მოარგო ლექსი. მაგალითად ”ფსოუს წყალზე”, ჯერ ლექსი მომიტანეს და ერთ საათში დავწერე სიმღერა. ამით ნაწარმოებს არაფერი წაუგია. ”ჩემო თბილის ქალაქო” მერაბ სეფაშვილის შესრულებით, ჩემ ლექსზეა დაწერილი. თემურ წიკლაურიც მღერის რამდენიმე სიმღერას ჩემს ლექსებზე.
– ვისთვის დაიწერა სიმღერა ”ვარდისფერ ქალს”? მას ძალიან ხშირად ითხოვს მსმენელი…
– ტექსტის ავტორი არის მარინა ხონელიძე, სხვათა შორის ციური მარინას ოჯახში გავიცანი. ჯერ ლექსი იყო და შემდეგ დავწერე მუსიკა და გადავეცით თემურ წიკლაურს, მას ძალიან მოეწონა.
– ახალ სიმღერაზე ვისაუბროთ…
ციური: – მე რუსთავში დავიბადე და გავიზარდე და ქვემო ქართლის გუბერნატორის იდეა იყო, რომ დაწერილიყო სიმღერა ქვემო ქართლზე. ლექსი ეკუთვნის პოეტ ლევან ჟვანიას, ის ქვემო ქართლის კულტურის სამსახურის უფროსია. სიმღერაში ანსამბლი ”ფიროსმანიც” არის ჩართული, მამუკა გულაღაშვილია მისი ხელმძღვანელი. ჩაიწერა ”ბრავო რეკორდსში”. რა თქმა უნდა ბატონი ნუგზარია სიმღერის ავტორი და ვასრულებთ მე, ტატო გოდერძიშვილი და ანსამბლი ”ფიროსმანი”. ”შენ გფარავდეს მუდამ ღმერთი”, ასე ჰქვია სიმღერას. არანჟირება ცირა ბზიშვილს ეკუთვნის.
ციური მჭედლიძე, ტატო გოდერძიშვილი & ანს. ფიროსმანი -შენ გფარავდეს მუდამ ღმერთი
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ვიდეო კოლაჟი
ფოტოები
