15 აპრილს, საღამოს შვიდ საათზე და 16 აპრილს, დღის პირველ და ოთხ საათზე, მოზარდ მაყურებელთა თეატრში საპრემიერო ჩვენებაზე დასწრებას შეძლებთ. რედირდ კიპლინგის ცნობილი ნაწარმოების, „მაუგლის“ მიხედვით, სპექტაკლი ნიკოლოზ საბაშვილმა დადგა, ინსცენირების ავტორი მანანა გეგეჭკორია, დამდგმელი მხატვარი, ბარბარა ასლამაზიშვილი, კომპოზიტორი დავით მალაზონია, ქორეოგრაფი თიკო ქოიავა გახლავთ.
სპექტაკლი „ მაუგლი“ მიუზიკლის ჟანრს განეკუთვნება. მასში უხვად არის წარმოდგენილი სიმღერები, რომლებსაც მსახიობები ცოცხლად ასრულებენ და საცეკვაო ნომრები. სპექტაკლში 45 მსახიობი და 9 ბავშვი მონაწილეობს. საგულისხმოა, რომ სპექტაკლისთვის საგანგებოდ გამოცხადდა კასტინგი, რომლის მეშვეობით პატარა მაუგლისა და მგლის ლეკვების როლების შესასრულებლად რეჟისორმა 7 ბავშვი შეარჩია.
„მაუგლი“ საინტერესო და მრავალფეროვანი სანახაობაა, რომელიც ორიგინალური კოსტიუმებითა და ჯუნგლებისთვის დამახასიათებელი დეკორაციით არის წარმოდგენილი.
სპექტაკლში მონაწილეობენ: ნიკა ნანიტაშვილი, გიორგი ჯიქურიძე, ანა ზამბახიძე, მარიამ ჩუხრუკიძე, ნინო ლეჟავა, ეკატერინე შარიქაძე, მამუკა ბოგვერაძე, დავით როსტომაშვილი, რამონა მიქელაძე და სხვა.
სპექტაკლი კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით დაიდგა.
„მაუგლის“ თეატრალურ პრემიერას ეძღვნება პრომოაქცია, რომელსაც 10 აპრილს 14:00 საათზე თბილისის ზოოლოგიური პარკი უმასპინძლებს. ზოოპარკის ტერიტორიაზე პატარებისთვის და მათი მშობლებისთვის ვიქტორინა გაიმართება. კითხვები შერჩეული იქნება რედიარდ კიპლინგის ბიოგრაფიიდან და მისი ყველაზე პოპულარული ნაწარმოებიდან „ მაუგლი“.
გათამაშებაშდება ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის მიერ დაწესებული საპრემიერო სპექტაკლების 10 ორადგილიანი მოსაწვევი და რედიარდ კიპლინგის 5 წიგნი – „აი, ასეთი ამბები“, რომელიც გამარჯვებულთათვის წიგნის მაღაზია „სანტა ესპერანსამ“ დააწესა.

