„აუდიტორია 115“ მოუწოდებს აკადემიურ საბჭოს, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება უზრუნველყოს, სტუდენტების ჯგუფი განცხადებას „ფეისბუქით“ ავრცელებენ.
„მოვუწოდებთ აკადემიურ საბჭოს, რომ უზრუნველყოს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნების დემოკრატიული ჩატარება. ვიმედოვნებთ, რომ ის დარღვევებისა და ექსესების გარეშე ჩაივლის.
ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით პროცესებს და რევანშისტულ ძალებს არ მივცემთ საშუალებას, რომ კიდევ უფრო შეუწყონ ხელი უნივერსიტეტის სტაგნაციას.
ასევე მოვითხოვთ, რომ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის საქმიანობა ძირითადად განათლების ძირეული რეფორმისკენ იყოს მიმართული, რათა უკვე არჩეულმა რექტორმა მოახეროს ქმედითი ნაბიჯის გადადგმა ამ მიმართულებით.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელს არ გააჩნია საკმარისი ლეგიტიმაცია მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილებები უნივერსიტეტში. მან უნდა შეასრულოს ადმინისტრაციული მმართველის ფუნქცია და უზრუნველყოს უნივერსიტეტის რექტორის არჩევნების ორგანიზება და ჩატარება.
ჩვენთვის, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ რექტორის მოვალეობის შემსრულებელს არ ჰქონდეს უფლება გახდეს რექტორობის კანდიდატი.
მოვუწოდებთ ყველა პროფესორს, თუ აკადემიურ პერსონალს, რომ იყვნენ მიუკერძოებელნი და ვიმედოვნებთ, რომ ამ არჩევნებში კლანთა ინტერესები არ გატარდება!“ – ნათქვამია განცხადებაში.
თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები დღეს გაიმართება.
