LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დარეჯან თვალთვაძე ჰყავს

თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან თვალთვაძე არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ სტუდენტებს გაესაუბრა. როგორც მან სტუდენტური მოძრაობის „აუდიტორია 115“ და სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს განუცხადა, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის მთავარი ამოცანა, უნივერსიტეტში სასწავლო-კვლევითი საქმიანობის წარმართვა და ამ ეტაპისთვის უმნიშვნელოვანესი ლეგიტიმური მართვის ორგანოების არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების უზრუნველყოფაა, რაშიც მას სტუდენტების და პროფესურის მხარდაჭერა ესაჭიროება. უახლოეს დღეებში რექტორის მოვალეობის შემსრულებელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ დარეჯან თვალთვაძეს მიულოცა 20 აპრილის არჩევნებში გამარჯვება და აღნიშნა, რომ არჩევნები ჩატარდა მშვიდ გარემოში, ყველა პროცედურის დაცვით, რაც დააფიქსირეს დამკვირვებლებმაც. ვლადიმერ პაპავას განცხადებით, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დღის წესრიგში არაერთი რთული ამოცანა დგას.

„დღევანდელი დღე არის ჩვენი უნივერსიტეტის ისტორიაში განსაკუთრებული, რადგანაც დღეს არ იყო უბრალოდ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევა. დღეს პირველად ჩვენს უნივერსიტეტში და სრულიად საქართველოში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევის უფლება მიეცა 1300-ზე მეტ ამომრჩეველს. ეს ძალიან მასშტაბური არჩევნებია და უნივერსიტეტმა აჩვენა, რომ მას შესწევს უნარი ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი ვითარებას გაუმკლავდეს ისე, როგორც შეშვენის ივანე ჯავახიშვილისა და მისი დიდი თანამოაზრეების მიერ დაფუძნებულ უნივერსიტეტს“, – განაცხადა პაპავამ.

დარეჯან თვალთვაძე რექტორის მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგება.

„მჯერა, რომ ის ამომრჩეველი – უნივერსიტეტის პროფესურა, ჩვენს სტუდენტებთან ერთად, რომლის გარეშე უნივერსიტეტი უბრალოდ არ არსებობს, ყველანი ერთად ვიბრძოლებთ და ვიშრომებთ იმისთვის, რომ უკეთესი უნივერსიტეტი გვქონდეს“,-განაცხადა დარეჯან თვალთვაძემ.

მისი თქმით, ამისთვის პირველ რიგში საჭიროა, ლეგიტიმური მმართველი ორგანოების არჩევა.

„ეს არის მისი აკადემიური საბჭო, რომელიც არის უმაღლესი მმართველობითი ორგანო, ეს არის კანცლერი, რომლის არჩევნები ძალიან მალე ჩატარდება, უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები. ჩემს მთავარ ამოცანას სწორედ ამაში ვხედავ. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ყველანი ერთად მთელი უნივერსიტეტი, მისი პროფესურა, მისი მეცნიერ-თანამშრომლები, მისი სტუდენტები და მისი რიგითი თანამშრომლები, რომლებიც ადმინისტრაციულ თუ დამხმარე სტრუქტურებში მუშაობენ, ყველაფერს ვიღონებთ იმისთვის, რომ ყველაფერმა ჩაიაროს ძალიან მშვიდად დემოკრატიულობისა და გამჭირვალეობის პრინციპის დაცვით და უნივერსიტეტი მივიყვანოთ ახალი რექტორის არჩევამდე“,-აღნიშნა რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დარეჯან თვალთვაძე გუშინ აირჩიეს.

საარჩევნო კომისიის თავჯდომარის ვასილ გონაშვილის ინფორმაციით 1311 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 967 ამომრჩეველმა. ამომრჩეველთა 54,3%-მა (526 ხმა) მხარი დაუჭირა დარეჯან თვალთვაძეს, ლევან გორდეზიანმა მიიღო ხმათა 24,4% (236 ხმა), ცირა ბარამიძემ 11% (107 ხმა), გიორგი ანდრიაძემ 4%(39 ხმა). 59 ბიულეტენი საარჩევნო კომისიამ ბათილად ცნო.