დუშეთის რაიონში , უახლოეს მომავალში, იოგურტისა და კეფირის წარმოებას დაიწყებენ. როგორც ”ფორტუნას” იდეის ავტორმა და ახალგაზრდა მეწარმემ, ვალერიან ხუციშვილმა განუცხადა, რძის მინი-გადამამუშავებელ საწარმოს ის უკვე ფლობს და რამდენიმე სახეობის პროდუქციას აწარმოებს.
”საკუთარი სახსრებით გავაკეთე პატარა საწარმო, სადაც ჯერჯერობით ოჯახის წევრები ვართ დასაქმებული. თუმცა, უახლოეს მომავალში გაფართოება და დამატებითი კადრების აყვანა იგეგმება. ამ ეტაპზე ადგილობრივი გლეხებისგან ვიბარებ რძეს და ვაწარმოებ: სულგუნს, კარაქსა და ნადუღს. პროდუქციის რეალიზაცია კი ადგილობრივ ბაზარზე ხდება”, – აღნიშნა ხუციშვილმა. მისივე ინფორმაციით, წარმოების გასაფართოებლად უახლესი დანადგარებია საჭირო. სწორედ ამ მიზნით , დამწყები მეწარმე ახალგაზრდების დასაქმების ახალ პროგრამაში მონაწილეობს.
”ჩემი ბიზნეს გეგმა წარდგენილი მაქვს პროექტში „ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროექტი საქართველოში”. თუ მოვიპოვე შესაბამისი დაფინანსება, აუცილებლად შევიძენ რძის პროდუქტების საწარმოებლად საჭირო უახლეს მანქანა-დანადგარებს და დავიწყებ კეფირის, იოგურტისა და არაჟნის წარმოებას. გარდა ამისა, ბაზარზე არსებობს მოთხოვნა უცხიმო ნადუღსა და კეფირზეც და ამ კუთხით მუშაობასაც ვგეგმავ”, – აღნიშნა ახალგაზრდა მეწარმემ.
მისივე თქმით, გაფართოების შემდეგ, საკუთარ პროდუქციას სახელსაც შეურჩევს და დუშეთში წარმოებული რძის პროდუქტები ბაზარზე ბრენდირებული სახით გაიყიდება.
ცნობისთვის, ვალერიან ხუციშვილმა დუშეთის რაიონში რძის მინი-გადამამუშავებელი საწარმო 2015 წლის ნოემბერში გახსნა.
