”მე მინდა, რომ ამ ქვეყანაში 2%-იანი უმუშევრობა იყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ დღეს 250 000 ადამიანია უმუშევარი, მინდა, რომ უმუშევარი 42 000 ათასი ან კიდევ უფრო ნაკლები იყოს”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გადაცემა ”არჩევანში” განაცხადა. მისი თქმით, წინა წლებთან შედარებით მაჩვენებლები ბევრი მიმართულებით გაუმჯობესებულია.
”მოდით დავიწყოთ უმუშევრობით. თქვენ თუ იცით, რამდენი პროცენტი იყო უმუშევრობის დონე 2012 წლის ბოლოს და ჩვენი რამდენი მოქალაქე იყო უმუშევარი? მე მოგეხმარებით და გეტყვით, რომ 2012 წლის ბოლოს უმუშევრობა იყო 15 პროცენტი, ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენ 300 ათასი უმუშევარი გვყავდა. 2014 წლის ბოლოს უმუშევრობა იყო 12,4 პროცენტი და ეს იყო მინიმუმი ჩვენს ისტორიაში”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრმა შედარებითი ანალიზი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებაც გააკეთა და აღნიშნა, რომ 2013-2016 წლების საპროგნოზო მაჩვენებელი, ამ მიმართულებით, 62%-იანი ზრდაა.
”2009-2012 წლებში, მაშინ როდესაც, მათ შორის 4 მილიარდი დახმარება გვქონდა საზღვარგარეთიდან, საშუალოდ, ყოველწლიურად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით ქვეყანაში საშუალოდ შემოდიოდა 872 მილიონი დოლარი. 2013-2016 წლების საპროგნოზო მაჩვენებელი საშუალოდ იქნება მილიარდ 418 მილიონი წლიურად, რაც არის 62 %-იანი ზრდა,“- განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
