თუკი ადრე საქართველოში ბიზნესის კეთება არავის უნდოდა, ახლა ვითარება შეცვლილია. ეს განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გადაცემა ”არჩევანში” გააკეთა. ქუმსიშვილმა ყურადღება ბიზნეს და საბანკო სექტორზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ კომერციულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შემცირებულია.
”საშუალო საპროცენტო განაკვეთი კომერციულ სესხებზე 2008-2012 წლებში იყო 16,2 პროცენტი, 2013-2015 წლებში – 12,01 პროცენტი ანუ 25 %-იანი კლება გვაქვს. იპოთეკური სესხები დოლარში 2012 წელს, სავრაუდოდ, იყო 12,5 პროცენტი, 2015 წელს დოლარში – 8,5 პროცენტი”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, 2012 წლის სექტემბრის შემდეგ ბიზნესსექტორზე გაცემული სესხები არის 90%-ით გაზრდილი – 8 მილიარდიდან 15 მილიარდ ლარამდე.
”ყველაზე შთამბეჭდავი მატება არის აგროსექტორში, სადაც 6,5-ჯერ არის გაზრდილი დაკრედიტება. 7-ჯერ არის გაზრდილი სესხების გაცემა სასტუმროებზე – 68 მილიონიდან 485 მილიონამდე. როგორ არის მაშინ ეს? რა ინერციაზე მელაპარაკებით? ხალხი ბიზნესს არ აკეთებდა, აღარ უნდოდა ბიზნესის კეთება, დღეს კი აი, ეს მაჩვენებლებია. რატომ? – იმიტომ რომ ბანკებმაც დაინახეს, რომ ქვეყანაში შეიძლება ბიზნესი აკეთოს ბიზნესმენმა და ბიზნესმენმაც დაინახა, რომ სესხის აღება შეუძლია”, – განმარტა ქუმსიშვილმა.
