სოფლის მეურნეობის სექტორში 5,3-პროცენტიანი ზრდა ფიქსირდება. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გადაცემა ”არჩევანში” განაცხადა.
”სოფლის მეურნეობაში საქართველოში 2004 წლიდან 2012 წლამდე იყო კლება – საშუალოდ -1,7 პროცენტი, მაშინ, როდესაც ჩვენ პერიოდში ფიქსირდება საშუალოდ 5,3-პროცენტიანი ზრდა. ასევე მინდა მოგახსენოთ და ესეც კონკრეტული ციფრებია, რომ ადრე იხვნებოდა 260 ათასი მიწის ფართობი, ახლა იხვნება 307 ათასი. ირიგაციას, მელორაციასა და მორწყვას ჰქონდა 45 ათასი, ახლა არის 105 ათასი ანუ ზრდა გვაქვს 133 პროცენტი.
მისივე ინფორმაციით, 2012 წელთან შედარებით, 37-პროცენტითაა გაზრდილი ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები. ერთ საერთაშორისო ვიზიტორზე დანახარჯები კი 526 ლარიდან 744 ლარამდეა გაზრდილი.
”ასევე მინდა გითხრათ, რომ 2012 წელთან შედარებით, მგზავრთა ნაკადი გაზრდილია 61 პროცენტით. ეს არის ჩამოფრენილი მგზავრები”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
რაც შეეხება სასტუმროებს, ქუმსიშვილის თქმით, 2014-2015 წლებში 93 ახალი განთავსების ობიექტი გაიხსნა და ეს იყო 6 803 საწოლი. 2016-2017 წლებში კი დამატებით 60-ზე მეტი ობიექტი გაიხსნება.
