“ვერ გეტყვით, რა არის იმის მიზეზი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი პარლამენტში არ მოდის, მაგრამ, ფაქტია, რომ ეს მოსმენა უნდა შედგეს”, ამის შესახებ ”თავისუფალი დემოკრატების” ერთერთმა ლიდერმა, ირაკლი ჩიქოვანმა, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, სუს-ის ანგარიშის მოსმენა უწყების საქმიანობაზე საპარლამენტო კონტროლის ერთადერთი მექანიზმია და ეს ბოლომდე უნდა გამოიყენონ.
”ვფიქრობთ, პარლამენტის წინაშე უნდა წარსდგეს თავად ვახტანგ გომელაური და არა მისი მოადგილე, ვინაიდან სწორედ გომელაურს აქვს პოლიტიკური პასუხისმგებლობა აღებული და შეკითხვებსაც თავად უნდა უპასუხოს. ჩვენი ინტერესის სფერო, ძირითადად, იმ საქმეების გამოძიებაა, რომლებთანაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ქვედანაყოფების ყოფილი თანამშრომლები არიან დაკავშირებული. ასევე, ბუნებრივია, კითხვები გვაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რას აკეთებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იმისათვის, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები აღარ გავრცელდეს” – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
როგორც ”თავისუფალი დემოკრატების” წევრმა, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში, აღნიშნა, მათი ინტერესის სფეროა ასევე, რა გეგმა აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს წინასაარჩევნო პერიოდში და როგორ დაგეგმავს უწყება თავის საქმიანობას.
”საინტერესოა, რა მექანიზმები აქვს სუს-ს, რომ წინასარჩევნო პერიოდში აღკვეთოს პოლიტიკური პარტიების ლიდერებზე უცხო პირების მიერ ფოტო და ვიდეოსაშუალებებით თვალთვალი. გარდა ამისა, რა ბერკეტები აქვს უწყებას, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები იყოს დაცული და მისი გამოყენება მოხდეს მხოლოდ საგამოძიებო მიზნებისთვის” – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
