თბილისის საბავშვო ბაღებისთვის 60-მდე ფსიქოლოგი და 30-მდე ლოგოპედი გადამზადდა. როგორც რადიო ”ფორტუნას” თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ტრენინგი ბავშვის საჭიროებებზე ორიენტირებული სასწავლო-სააღმზრდელო გარემოს შექმნას და ბაღებში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
პროექტის ფარგლებში შეიქმნა ორი ახალი სახელმძღვანელო – „ფსიქოლოგის როლი სკოლამდელ აღზრდაში“ და „კომუნიკაცია, ენა და მეტყველება – საბაზისო გზამკვლევი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის“, რომლის მიხედვით დედაქალაქის საბავშვო ბაგა-ბაღები იმუშავებენ.
ფსიქოლოგები და ლოგოპედები დააკვირდებიან და შეისწავლიან ბავშვის ფსიქომოტორულ განვითარებას ასაკობრივი ნორმების მიხედვით. ამ ეტაპზე, თბილისის საბავშვო ბაღებს აღნიშნული შტატი არ აქვს. სააგენტოს ინიციატივით, ფსიქოლოგისა და ლოგოპედის შტატი თბილისის ყველა საბავშვო ბაღში დაშვებულია და აღნიშნულ პოზიციაზე შესაბამისი კანდიდატების შერჩევა მიმდინარეობს.
