ახალ შუამთაში, ძველ შუამთასა და იყალთოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს.
როგორც ”ფორტუნას” მუნიციპალური განვითრების ფონდში განუცხადეს, პროექტი რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში ხორციელდება და მისი ღირებულება 1 მლნ 637 ათასი ლარია.
”რეგიონული განვითარების პროექტის მიზანია, წვლილი შეიტანოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებაში და ხელი შეუწყოს საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას,” – განაცხადეს ფონდში.
პროექტის ფარგლებში, სამივე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან მოეწყობა საინფორმაციო ცენტრები, სუვენირების მაღაზია, საპირფარეშო და გაკეთდება ობიექტებამდე მისასვლელი გზა. ასევე ძველ შუამთაში და ახალ შუამთაში მოეწყობა როგორც საკანალიზაციო, ასევე, სასმელი წყლის ჭაბურღილი.
”ამ დროისთვის მიმდინარეობს 200 მეტრის სიღრმის ჭაბურღილის მოწყობა და მისასვლელი გზის რეაბილიტაცია. სამუშაოებზე 20-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული და მათი უმეტესობა ადგილობრივი მოსახლეა. პროექტების განხორციელების შედეგად გაიმართება ტურისტული ინფრასტრუქტურა, რაც კახეთის რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის. ამასთან, პროექტის განხორციელება ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ახალ შუამთაში, ძველ შუამთასა და იყალთოში ტურისტების რაოდენობის ზრდას შეუწყობს ხელს” – განუცხადეს ”ფორტუნას” მუნიციპალური განვითარებვის ფონდში.
პროექტს შპს ”ჯავა“ ახორციელებს. სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.
