LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასოცირების შეთანხმების ძალაში სრულად შესვლას მინისტრი 1 აგვისტოდან ვარაუდობს

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვარაუდობს, რომ ასოცირების შეთანხმება სრულად ძალაში პირველი აგვისტოდან შევა.

”დღევანდელი მდგომარეობით, პრაქტიკულად სრულად არის რატიფიცირებული ასოცირების შეთანხმება ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ. პროცედურების დასრულების შემდგომ ვვარაუდობთ 1-ელი აგვისტოდან დოკუმენტის სრულად ძალაში შესვლას.

27 იანვარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო სხდომაზე დამტკიცდა სამოქმედო გეგმა, რომლის პირველი სამი თვის შესრულების ანგარიშს წარმოგიდგენთ დღეს.

ახალი გეგმის ფორმატი არის დახვეწილი და აქტივობებთან ერთად შედეგებსა და ინდიკატორებსაც მოიცავს, რაც თავისთავად დაგეგმვის პროცესში საკმაოდ ართულებს ჩვენს სამუშაოს, თუმცა აიოლებს შესრულების მონიტორინგის თვალსაზრისით. ასევე, ასახულია ასოცირების დღის წესრიგის ყველა ის პუნქტი, რომელიც 2014-16 წლების სამწლიან პროგრმაში იყო გათვალისწინებული.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირთან აწარმოებს მოლაპარაკებებს 2017-2019 წლების ასოცირების დღის წესრიგის შემუშავების კონტექსტში, რომელშიც რა თქმა უნდა, როგორც ყველა პროცესში, რაც უკავშირდება ქვეყნის ამ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის ფორმირებას, ჩართულია პარლამენტი და სამოქალაქო სექტორი”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სადაც ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო სხდომაზე დამტკიცებული სამოქმედო გეგმის პირველი სამი თვის ანგარიში წარადგინა.

 

მინისტრის გამოსვლა დღეს მხოლოდ ოთხმა დეპუტატმა მოისმინა,  სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი უძღვებოდა და მასთან ერთად მინისტრის საკომიტეტო მოსმენაზე მხოლოდ პაატა ბარათაშვილი, თემურ ჭკუასელი და შოთა ხაბარელი იმყოფებოდნენ.