საქართველოს მასშტაბით 432-მა წვევამდელმა ფიცი დადო. ცერემონია თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, იყალთოში, ვარძიასა და ნოქალაქევში გაიმართა.
ფიცის დადების ცერემონიალის შემდეგ შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი, რამდენიმე წუთის წინ კი მოსახლეობას საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მიმართა.
„თანამემამულენო, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს. ეს დღე მინდა მივულოცო აფხაზ და ოს თანამემამულეებს, საქართველოს მილიონობით მხარდამჭერს მთელს მსოფლიოში, ჩვენს ემიგრანტებს, რომლებიც ჩვენთან ერთად ზეიმობენ. უპირველესად კი მინდა მივულოცო ჩემს თანამებრძოლებს, საქართველოს ჯარს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე – საერთაშორისო მისიებში. მინდა მივულოცო ჩვენს მოკავშირეებს,“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.
მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას გაიხსენა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის გარდაცვლილი მოქალაქეები, საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, რომელმაც „ეს დღე რეალობად აქცია.“
ამასთან, პრეზიდენტმა თავისუფლების მოედანზე გიგა ოთხოზორიაც გაიხსენა, რომელიც, მისი თქმით, სულ რამდენიმე დღის წინ სოფელ ხურჩაში ოკუპაციას შეეწირა.
