LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო სურგულაძის ფონდი „ნატვრის ხე“ მსოფლიო პრემიერისთვის ემზადება – კარლო პონტი თბილისშია!..

ცნობილი მეცო-სოპრანოს, ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდი „ნატვრის ხე“, სპექტაკლის „სიყვარულისთვის“ მსოფლიო პრემიერისთვის ემზადება, რომელიც 15, 17 და 18 ივნისს, ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება. ქართველი პატარების დასახმარებლად, რომელთაც გადაუდებელი ოპერაციები სჭირდებათ, თბილისში  ცნობილი იტალიელი კინოვარსკვლავი, სოფი ლორენი ჩამოვა და სპექტაკლის საპრემიერო ჩვენებას დაესწრება.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოში პირველად ორი ნაწარმოები შესრულდება, ბალეტი და მონო ოპერა, ფრანცისკ პულენკის და ნინო როტას უნიკალური მუსიკა, რომელშიც მთავარ პარტიებს პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილი და ნინო სურგულაძე შეასრულებენ.

უკვე თბილისშია დირიჟორი კარლო პონტი უმცროსი, რომელიც დღეს გამართულ პრესკონფერენციას სადადგმო ჯგუფის სხვა წევრებთან, რეჟისორ მარკო განდინისა, ლა სკალას ქორეოგრაფ ჯანლუკა სკიავორისთან  და ნინო სურგულაძესთან ერთად დაესწრო. მედიასთან შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა ფონდის გენერალური პარტნიორის, კომპანია „სოკარის“ წარმომადგენელი, ირაკლი ზუბიტაშვილი.

როგორც პრესკონფერენციაზე კარლო პონტი უმცროსმა აღნიშნა, ის საქართველოში ფონდის მოწვევით მეორედაა.

„ფანტასტიკურ გუნდთან ერთად ვმუშაობთ იმ პროექტის განსახორციელებლად, რომელიც ჩემთან და ჩემს ოჯახთან ძალიან ახლოს არის. ეს სპექტაკლი ცხადყოფს, რისი გაკეთება შეუძლია ადამიანს სიყვარულისთვის. ეს არის ის, რასაც ნინო სურგულაძის ფონდი ემსახურება. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ამ პროექტში მონაწილეობის საშუალება მომეცა“.