“საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის”და “საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება” მძღოლებისა და ქვეითებისთვის ცნობიერების ასამაღლებელი აქცია დღეს, 15:00 საათზე გამართეს. ერთი საათის განმავლობაში თბილისში, პეკინისა და პავლოვის ქუჩების კვეთაზე მოხალისეები საგზაო მოძრაობის მონაწილეებს ორცხობილებს წარწერებით ”გზა დაუთმე ქვეითს”, “შეანელე”, “გზა დაუთმე სასწრაფოს” და სტიკერებს ურიგებდნენ.
აქცია ხორციელდება ტრასეკა II საგზაო უსაფრთხოების პროექტის ფარგლებში და მისი მიზანია საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ცნობიერების ამაღლება საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე.
”გვინდა, საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, როგორც ქვეითებს ასევე მძღოლებს ვუთხრათ, რომ საგზაო მოძრაობა არის საპასუხისმგებლო საკითხი და რადგან საგზაო შემთხვევების 90% გამოწვეულია ადამიანური ფაქტორის გამო, თანამოქალაქეები და საგზაო მოძრაობის მონაწილეები დღეს ნამდვილად საჭიროებს მეტ ინფორმირებას”, – განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.
აქციის მიმდინარეობისას აქციის მონაწილეებმა მოქალაქეებს ორცხობილები დაურიგეს წარწერით – ”გზა დაუთმე ქვეითს”, ”შეანელე, ”გზა დაუთმე სასწრაფოს”. ორგანიზატორების ინფორმაციით, საქართველოში 2015 წელს 2014 წელთან შედარებით ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 20%-ით მეტი ადამიანი გარდაიცვალა, რაც ევროპის ქვეყნების საუკეთესო მაჩვენებელთან შედარებით 4-ჯერ მაღალია.
