საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი იმედოვნებს, რომ საქართველოს ევროპელი პარტნიორები ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით სწორ და მიუკერძოებელ გადაწყვეტილებას მიიღებენ.
როგორც მან საკითხის კომენტირებისას განაცხადა, საქართველოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია მისი ევროპელი პარტნიორები დარწმუნებულები იყვნენ იმაში, რომ საქართველო მათთვის კეთილსინდისიერი პარტნიორია.
”კრიმინალის დონე ჩვენს ქვეყანაში ძალიან დაბალია. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში კრიმინალის დონის მიხედვით მეექვსე ადგილზეა. ანუ საკმაოდ დაბალი კრიმინალის დონე გვაქვს. რაც შეეხება ადგილზე არსებულ მდგომარეობას – გერმანიაში, ამასთან დაკავშირებით, ჩვენმა შინაგან საქმეთა მინისტრმა მნიშვნელოვანი კვლევები ჩაატარა. ასევე პრემიერ-მინისტრს ჰქონდა შეხვედრები საფრანგეთში ყოფნის დროს და რა თქმა უნდა, ამაზეც იყო საუბარი. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები სწორ და მიუკერძოებელ გადაწყვეტილებას მიიღებენ”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
