LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გამოცემულ განკარგულებას პრემიერ-მინისტრი ხელს სავარაუდოდ 8 ივნისს მოაწერს

არჩევნებთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მოწონებულ პრეზიდენტის მიერ გამოცემულ განკარგულებას პრემიერ-მინისტრი ხელს სავარაუდოდ 8 ივნისს მოაწერს. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა.

საქართველოს მთავრობამ არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გამოცემული განკარგულება დღევანდელ სხდომაზე მოიწონა.  კანონმდებლობის მიხედვით, მინისტრთა კაბინეტის მიერ მოწონებულ განკარგულებას ახლა ხელი პრემიერ-მინისტრმა უნდა მოაწეროს, კონტრასიგნაციის შემდეგ განკარგულება ”საკანონმდებლო მაცნეში” უნდა გამოქვეყნდეს, სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთანავე კი წინასაარჩევნო კამპანია დაიწყება. წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების დღიდან კი ძალაში შედის შეზღუდვები, რაც სახელმწიფო სტრუქტურების და სახელმწიფო მოხელეებისა და თანამდებობის პირების მიმართ არსებობს.  ბრძანების ხელმოწერის შემდეგ, ამოქმედდება აკრძალვები, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, საბიუჯეტო თანხების, თანამდებობრივი ან სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენების კუთხით არსებობს. ამასთან, არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა, დაიწყება ის ძირითადი ღონისძიებები, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციებს და კანდიდატებს უკავშირდება.
როგორც ცნობილია, პრეზიდენტსა და პრემიერს შორის უკვე არსებობს წინასწარი შეთანხმება იმის თაობაზე, რომ ქვეყანა საარჩევნო კამპანიის რეჟიმში არჩევნებამდე 4 თვით ადრე – 8 ივნისიდან გადავიდეს.

მასალის გამოყენების პირობები