LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიკა დოლიძის პასუხი კონკურსანტებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ის ლიდერობას არ იმსახურებს

Ardaidardo.Ge

”ოქროს ტალღის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე მსმენელი აქტიურობას განაგრძობს და დღეის მდგომარეობით ნომინაციაში ”ხალხის რჩეული” ახალი ლიდერი იკვეთება. ეს გახლავთ ლიკა დოლიძე სიმღერით ”დრო გადის”. ოქროს ტალღის დღიურების ფარგლებში, რომელიც ”არ დაიდარდოს” დილის ეთერში ყოველ დღე გადის, შემსრულებელს რუსეთში დავუკავშირდით.


იცოდით, რომ პირველ ადგილზე ხართ?


კი ვიცოდი, ძალიან მიხარია და დიდი მადლობა, რომ სიმღერა კონკურსზე მოხვდა. სიმართლე გითხრათ, არ ველოდი, დიდი მადლობა მსმენელს, რომელიც ხმას სიმღერას ყოველ დღე აძლევს.


თქვენ შესახებ დიდი ხანია არაფერი გაგვიგია, რატომ გადაწყვიტეთ თავიდან შემოიჭრათ ქართულ შოუბიზნესში, იქ, სადაც ისედაც დიდი კონკურენციაა. ვინ არის ლიკა დოლიძე?


”მზეო თიბათვის” – ამ სიმღერით გამიცნო თავის დროზე ქართველმა მსმენელმა. ლიკა დოლიძე არის მომღერალი, რომელიც სამწუხაროდ დიდი ხანია მოსკოვში აგრძელებს საქმიანობას. სიმართლე
გითხრათ, ამ სიმღერით არ ვაპირებდი ქართულ ესტრადაზე შემოჭრას. ჩემს მეუღლეს მოსწონდა ძალიან და მისი თხოვნით ჩავწერე.


მოდით, ვისაუბროთ გულწრფელად, თქვენ გადაასწარით ბევრ ისეთ მუსიკოსს, რომლებიც წლებია აქტიურად მუშაობენ ქართულ შოუბიზნესში. რას აკეთებთ ამისთვის?


ალბათ სიმღერა მოსწონს მსმენელს, კარგი ვერსიაა. ქართველი მსმენელი სხვა კონკურსანტებს ნამდვილად უკეთ იცნობს, ვიდრე მე. ყველა ჩემს კოლეგას ვუსურვებ წარმატებას, ეს არის დღევანდელი
შედეგი, არ ვიცით რა იქნება ხვალ.


რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის, აღიარება ჟიურისგან თუ ნომინაცია ხალხის რჩეული? ნომინაციაში წლის საუკეთესო მომღერალი ქალი წარდგენილნი არიან ის ქალბატონები, რომელთა სახელები ნამდვილად ჩქეფს. როგორია თქვენი შეფასება ამ ქალბატონებთან მიმართებაში?


სასიამოვნოა რომ ასეთი მომღერლების გვერდით არის ჩემი სახელიც, თუმცა, რამდენიმე მათგანს სამწუხაროდ არ ვიცნობ. ვნახოთ რა მოხდება…


რას უპასუხებთ იმ შემსრულებლებს, რომლებიც ამბობენ, რომ ისინი უფრო მეტად იმსახურებენ იყვნენ ინტერნეტ გამოკითხვის სათავეში?


არაფერს. მხოლოდ და მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ ყველას.


თქვენ იმყოფებით ქვეყანაში, რომელთანაც ჩვენ მაინცდამაინც თბილი ურთიერთობა არ გვაქვს. როდის ჩამოხვალთ, თუკი დადგება შედეგი და თქვენ გახდებით ლიდერი?


თუკი დადგება ჩამოსვლის საჭიროება, აუცილებლად დიდი სიამოვნებით ჩამოვალ. მე ჩემს ქვეყანაში ყოველთვის მომიხარია. რუსეთში დროებით ვცხოვრობ.


სად უფრო მეტი გულშემატკივარი გყავთ, საქართველოში თუ ოკუპანტ ქვეყანაში?


ვერ გეტყვით… ჩემი გულშემატკივრები საქართველოშიც დარჩნენ. რა თქმა უნდა რუსეთშიც ბევრი მსმენელი მყავს, აქ ბევრი ემიგრანტი ცხოვრობს და მათთან ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს.


ხომ არ გეგმავთ ახალი სიმღერის მოტანას?


რა თქმა უნდა, მაქვს ახალი სიმღერა. ეს უფრო სერიოზული განაცხადი იქნება ჩემი მხრიდან, ზაზა ხუბუკელაშვილის ნამუშევარია და ტექსტი ისევ ირინა სანიკიძეს ეკუთვნის.


მიხარია, რომ საკმაოდ მწვავე შეკითხვებს თავი კარგად გაართვით და როგორც მინიმუ, არ გაბრაზდით, როგორც ემართებათ ხოლმე სხვებს. გისურვებთ წარმატებებს.