LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში რაგბის ხელშეწყობისთვის ახალი სავარჯიშო კომპლექსი გაიხსნება

თბილისში რაგბის ახალი სავარჯიშო კომპლექსი გაიხსნება. როგორც ”ფორტუნას” თბილისის მერიაში განუცხადეს, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი რაგბის სავარჯიშო კომპლექსი გლდანის რაიონში, 4 ჰა ტერიტორიაზე აშენდება. კომპლექსში ოთხი მოედანი განლაგდება : ერთი ბუნებრივსაფარიანი, ორი ხელოვნური და ერთიც ქვიშის. მოეწყობა სავარჯიშო დარბაზი, რომელიც სპორტული ინვენტარით, საშხაპეებითა და გასახდელით აღიჭურვება. პროექტი 1000 გულშემატკივარზე გათვლილ ტრიბუნასა და 100 მანქანაზე გათვლილ საპარკინგე ზონას ითვალისწინებს.
„რაგბიში სერიოზული წარმატებები გვაქვს, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩვენი მომავალი თაობისთვის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ბაზა შევქმნათ. აქ იქნება საერთაშორისო სტანდარტების მოედანი, სადაც მომდევნო წლის მსოფლიო ახალგაზრდული რაგბის თამაშების ერთი ნაწილი გაიმართება” – აცხადებენ მერიაში.
რაგბის სავარჯიშო კომპლექსს შპს „საბა კონსტრაქშენი“ აშენებს და სამუშაოები 2017 წლის თებერვალში დასრულდება. მშენებლობისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 6 302 500 ლარი დაიხარჯება. აღსანიშნავია, რომ მომავალ წელს საქართველო 20 წლამდე მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს, რომლის ფარგლებშიც რაგბის ახალ სტადიონზე შეხვედრები გაიმართება.