სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანია DAR CAPITAL-ი სამშენებლო მასალების გამრავალფეროვნებასა და ახალი ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს. კომპანიის მიზანია, უზრუნველყოფს გარკვეული სახის საქონლის იმპორტის ჩანაცვლება და შექმნას ახალი სამუშაო ადგილები.
როგორც DAR CAPITAL-ში აცხადებენ, კომპანია ქვეყნის შიდა ბაზრის ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელია. მას გააჩნია საკუთარი, თანამედროვე სასაწყობე ფართი თავისი აღჭურვილობით, მსუბუქი და სატვირთო ტრანსპორტი, რითაც შეუფერხებლად ახორციელებს პროდუქციის მიწოდებას.
”ნედლეულის შეძენა ხდება როგორც ქვეყნის შიდა ბაზარზე, ასევე უცხოეთში. ჩვენთან წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია კი ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება. დღეისთვის კომპანიაში დასაქმებულია 140-მდე თანამშრომელი. საწარმოში დასაქმებულთა ხელფასი თვეში საშუალოდ 600 ლარს შეადგენს”, – აღნიშნეს კომპანიაში.
მათივე ინფორმაციით, დღეისათვის კომპანიაში ახალი თანამედროვე ტიპის მანქანა-დანადგარებით აწყობილი 30-მდე საწარმოო ხაზი მუშაობს და DAR CAPITAL სხვადასხვა დასახელების სამშენებლო მასალებს აწარმოებს.
ცნობისთვის, შპს DAR CAPITAL –ი 2006 წლიდან ფუნქციონირებს. კომპანია საწარმოს ხელვაჩაურში ფლობს. საწარმოს, რომლის საწყისი კაპიტალი 2000 ლარს შეადგენდა, დღეისათვის 21000.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გააჩნია, სადაც დაახლოებით 18000.00 კვ.მ-ზე საწარმოო დანიშნულების ობიექტებია განთავსებული. ამასთან, კომპანია აქტიურადაა ჩართული პროექტში ,,აწარმოე საქართველოში“, რომლის ფარგლებშიც ახალი საქმის დასაწყებად საკუთრებაში გადაეცა 7000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.
