საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა. გიორგი მარგველაშვილმა და იენს სტოლტენბერგმა შეხვედრის შემდეგ მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
“საქართველომ განახორციელა შთამბეჭდავი თავდაცვითი რეფორმები და თქვენ დაამყარეთ უფრო მწიფე დემოკრატია. ამდენად, საქართველო უფრო დაუახლოვდა ნატო-ს და ჩვენ მზად ვართ, ამაში დაგეხმაროთ. ბოლო ორი წლის მანძილზე, ჩვენ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი წარვადგინეთ, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად. განხორციელებაც კარგად მიმდინარეობს. ასევე დაიწყო ერთობლივი წვრთნები და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია, როდესაც ქართველი ჯარისკაცები, ნატო-ს ჯარისკაცები და პარტნიორი ქვეყნების ჯარისკაცები ერთად გადიან წვრთნებს საქართველოში. ეს კარგია ჩვენთვის და კარგია ასევე საქართველოსთვის. ეს არის საქართველოს მიმართ და ჩვენი პარტნიორობის მიმართ ნატო-ში გამოხატული ძლიერი მხარდაჭერა.
დღევანდელ შეხვედრაზე, ჩვენ ასევე განვიხილეთ საქართველოს პროგრესი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხრივ, მათ შორის საპარლამენტო არჩევნებისთვის მომზადება და მიმდინარე კანონის უზენაესობისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გაძლიერებისკენ მიმართული ძალისხმევა. მივესალმები ყველა ამ სფეროში რეფორმების გაძლიერების ძალისხმევას. ეს რეფორმები ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ნატო-ს წევრობა საქართველოს ეროვნული განვითარების მთავარი პრიორიტეტია.
“ჩვენ ასევე ვაგრძელებთ ნატო-ს შეიარაღებულ ძალებთან ერთად ალიანსის მისიებში მონაწილეობას. მოხარულები ვართ, რომ რამდენიმე კვირის წინ მოგვეცა უდიდესი შესაძლებლობა, რომ ჩავატაროთ ნატო-ს მოკავშირეებთან ერთად ერთობლივი წვრთნები. განვიხილეთ უელსის სამიტის დასკვნა, არსებითი პაკეტის განხორციელების თაობაზე, რომელიც წარმატებით განხორციელდა და მივიჩნევთ, რომ ეს პროცესი კიდევ უნდა გაგრძელდეს.
მე მივაწოდე ინფორმაცია გენერალურ მდივანს ოკუპაციის ხაზის გასწვრივ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების შესახებ. ვაცნობე მკვლელობის ფაქტის შესახებ, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა საოკუპაციო ხაზთან, ასევე ახლახანს განვითარებული მოვლენები, დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე ახალი სასაზღვრო ბანერების აღმართვის ფაქტის შესახებ”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
