LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ღვინის პრეზენტაციები აშშ-ში

სან-ფრანცისკოში ქართული ღვინის დეგუსტაცია-პრეზენტაცია გაიმართა, სადაც 22 ღვინის მწარმოებელი კომპანიის და მცირე საოჯახო მარნების ღვინო იყო წარმოდგენილი.

ღვინის ეროვნული სააგენტოსა და კოპანია Tastingwork-ის ორგანიზებული პიარ-კამპანიის „ივნისი –  ქართული ღვინის თვე აშშ-ში“ ფარგლებში, ღონისძიებები ნიუ-იორკში, ვაშინგტონსა და სან-ფრანცისკოში გაიმართა.

როგორც ”ფორტუნას” ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, დეგუსტაციების პარალელურად იმართებოდა სემინარები ქართული ღვინის კულტურის შესახებ. ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ როგორც უძველესი ტრადიციული ქართული, ასევე თანამედროვე მეთოდებით დამზადებული ღვინოები.

Tastingwork-ის ხელმძღვანელის, ღვინის მაგისტრის ლიზა გრანიკის განცხადებით, აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას აშშ-ში, ქართული ღვინის წარმოების უნიკალური მეთოდებისა და ვაზის ჯიშების გაცნობას პროფესიონალებისა და მოყვარულებისთვის.

„სან-ფრანცისკოში, ისევე როგორც ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში, ქართული ღვინის დეგუსტაცია იყო საოცრად წარმატებული. ღონისძიებებს ძალიან პოზოტიური გამოხმაურება ჰქონდა. სან-ფრანციკოში გამართულ დეგუსტაციაზე ღვინის პროფესიონალები სპეციალურად, აშშ-ს სხვადასხვა შტატებიდანაც ჩამოვიდნენ“ – აღნიშნა ლიზა გრანიკმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს კიდევ ერთი კონტრაქტორი კომპანიის Marq Energie-ის ორგანიზებით,  ქართული ღვინის დეგუსტაცია ლოს-ანჯელესში გაიმართა.

როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, აშშ ქართული ღვინის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი და მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარია. მათივე განმარტებით, აშშ-ში აქტიური მარკეტინგული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდას აშშ-ს ბაზარზე და ქართული ღვინის საექსპორტო არეალის გაფართოებას.