LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოვიქცეთ, თუ ტარანტული გვიკბენს – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რჩევა

თბილისსა და თბილისის შემოგარენში ტარანტულის გავრცელებასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ტარანტული — ობობასნაირთა კლასის რამდენიმე სახეობის ზოგადი სახელწოდება.

Lycosa singoriensis – იგივე რუსული ტარანტული, ობობა-მგელი ბინადრობს უდაბნოში, სტეპებსა და ტყე-სტეპის ზონებში. სხეულის სიგრძე 25-35 მმ. წონა 2.6-იდან 7 გრ-მდე. დაფარულია ხშირი რბილი ბეწვით. მოყავისფრო ფერისაა. თხრის ვერტიკალურ სოროებს, რომელთა სიგრძეა საშულოდ 30-40 სმ. შესასვლელი დაფარულია პარკით. ობობა-მგელი დღის განმავლობაში სოროში რჩება, ხოლო ღამით ნადავლის დასაჭერად გამოდის. როგორც წესი, ტარანტული ცხოვრობს განმარტოებით და ისინი არ ჯგუფდებიან. მეტად აგრესიული ობობაა. შხამიანია. კბენა იწვევს ლოკალურ დალურჯებას და ძლიერი ტკივილის შეგრძნებას ნაკბენის ადგილზე. ადამიანს თავს არ ესხმის და კბენს მხოლოდ მაშინ თუ ეცდებით მის დაჭერას.

ეგზოტიკური ცხოველის ზოგიერთ მოყვარულს ტარანტული სახლში ჰყავს.

რუსული ტარანტულის ყველაზე დიდ ეგზემპლარს მიაგნეს ცენტრალურ ევროპაში.

უმთავრესად იკბინებიან მდედრი ტარანტულები, თავისი ჭუპრისა და კვერცხების ან ახალგამოჩეკილი ობობების დასაცავად. ტარანტულის კბენისგან თავდაცვის მიზნით, საკმარისია რამდენიმე წესის დაცვა:

საველე პირობებში:

განთავსებისთვის უპირატესობა მიანიჭეთ მოსწორებულ ადგილებს ქვების, ნაპრალების, მშრალი ბალახის გროვების გარეშე;

ყურადღებით დაათვალიერეთ საძილე ტომრები, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ჩაცმამდე;

კოცონის დასანთები მასალა არ შეაგროვოთ დაბინდების შემდეგ;

არ ეცადოთ ამიყვანოთ ტარანტული თავისი ბუდიდან ცვილის ან პლასტელინის ბურთულით, რომელიც მიმაგრებულია ძაფზე;ფანჯრებსა და ღიობებზე დაამაგრეთ დამცავი ბადეები – ეს დაგიცავთ არა მხოლოდ ტარანტულებსგან, არამედ სხვა აბეზარი მწერებისგანაც;

ნუ აწვალებთ ტარანტულებს – საშიშროებისას ისინი შეიძლება შემოგახტნენ და გიკბინოთ!

ტარანტულის გასანადგურებლად გამოიყენეთ ინსექტიციდები!

რა არ უნდა გააკეთოთ ტარანტულის კბენის შემდეგ?

არ მოიწვათ ნაკბენი. ტოქსიკოლოგები თვლიან, რომ ეს მეთოდი არაეფექტური და საკმაოდ სახიფათოა;

არ დასეროთ დაზიანებული ადგილი – ამან შეიძლება ინფექციის შეჭრა გამოიწვიოს;

არ დაიზილოთ და მოიქაოთ ნაკბენი ადგილი – ამან შეიძლება ინფექციის შეჭრა გამოიწვიოს;

რა შეიძლება გააკეთოთ ტარანტულის კბენისას?

მოიბანეთ ნაკბენი ადგილი თბილი წყლითა და ანტიბაქტერიული ან ჩვეულებრივი ხელის საბანი საპნით. ამასთან კანი ძლიერ არ დაიზილოთ;

დაიმუშავეთ ნაკბენი ანტისეპტიკით;

დაიდეთ ნაკბენზე ცივი (ყინული, წყალი) 10 წუთით, შემდეგ მოიშორეთ ცივი საფენი 10 წუთით და ისევ გაიმეორეთ პროცედურა. განაგრძეთ პროცედურები სანამ არ შეწყდება ტკივილი;

შეშუპების თავიდან ასაცილებლად, ნაკბენი ადგილი განალაგეთ მაღლა;

შეინარჩუნეთ სიმშვიდე;

მიიღეთ ბევრი სითხე – ეს უზრუნველყოფს ტოქსინების სწრაფ გამოდევნას;

ალერგიული რეაქციის შემთხვევაში – მიიღეთ ანტიჰისტამინური პრეპარატი;

იმ შემთხვევაში თუ, ტარანტულმა უკბინა ბავშვს, დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირს, ან თუ დაზარალებულის თვითშეგრძნება სწრაფად უარესდება – სასწრაფოდ მიმართეთ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს.