თბილისში, 8-9 ივლისს, მე-10 საერთაშორისო კავკასიური კონგრესი პლასტიკურ ქირურგიასა და დერმატო-კოსმეტოლოგიაში – ”კოლხიდა 2016” გაიმართება.
როგორც ”ფორტუნას” ღონისძიეების ორგანიზატორებმა აცნობეს, კონგრესი GeoPRAS-ის (საქართველოს პლასტიკურ, რეკონსტრუქციულ და ესთეტიკურ ქირურგთა ასოციაციის), კომპანია „აპტოს“-ის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით ტარდება.
მათივე ინფორმაციით, კონგრესზე მონაწილეობას იღებს 600-მდე მონაწილე. ღონისძიების ფარგლებში 113 მომხსენებელი გამოვა საინტერესო მოხსენებით.
ცნობისთვის, საერთაშორისო კავკასიური კონგრესი 2007 წლიდან პერმანენტულად იმართება. ”კოლხიდა 2016” წინა ღონისძიებებისაგან თავისი მაშტაბურობით გამოირჩევა. პირველად საქართველოში, მსოფლიოს 37 ქვეყანიდან ჩამოდიან ცნობილი ქირურგები და დერმატო-კოსმეტოლოგები, მათ შორის: ალან ტენენბაუმი (შვეიცარია), ალექსანდრ ტურკევიჩი (უკრაინა), არიფ ტურკმენი (თურქეთი), გუიდო მარონატი (იტალია), გილერმო ბლუგერმანი (არგენტინა), კირილ პშენისნოვი (რუსეთი), მარკო ანტონიო ბუენდია (მექსიკა), მარიტა აისენმან-კლაინი (გერმანია), მიშელ კოსტაგლიოლა (საფრანგეთი), ნატალია მანტუროვა (რუსეთი), გრემ პერკსი (დიდი ბრიტანეთი), ამრ ელ ნაგარი (ეგვიპტე),
ზორან ზგალიარდიჩი (ხორვატია), დანიელ უბანი (გერმანია), ჯორჯ ფელმანი (ისრაელი), ერჩინ ოზუნტურკი (თურქეთი), ჰელდა ფელიციო (ბრაზილია), ალექსანდრ ბოროდკო (უკრაინა), პატრიკ ტრეისი (ირლანდია), პიტერ ჰაიდუკი (ჩეხეთი), სავერიო დი ბლასი (ვენესუელა), სერგეი ანტონოვი (პოლონეთი), რუბენ ოდენინო (იტალია), ება საბრი (საფრანგეთი) და სხვა.
კონგრესზე განსახილველი თემებია:
- რინოპლასტიკა;
- ოტოპლასტიკა;
- ფეისლიფტინგი;
- რეკონსტრუქციული ქირურგია;
- მამოპლასტიკა;
- ქსოვილების აუტოტრანსპლანტაცია;
- ლიპოფილინგი;
- მცირეინვაზიური ტექნოლოგიები ესთეტიკურ ქირურგიაში;
- კორექციის ინექციური მეთოდები კოსმეტოლოგიაში;
- უჯრედული ტექნოლოგიები;
- ბოტულოტოქსინის თერაპია;
- ფილერები;
- სიახლეები კოსმეტოლოგიაში.
ამასთან, 10-11 ივლისს დაგეგმილია კომპანია „აპტოს“-ის სამეცნიერო სიმპოზიუმი – „აპტოსის ვარსკვლავები“, რომლის ფარგლებში „აპტოს“-ის ტრენერები, კოლეგებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.
შეგახსენებთ, კომპანია “აპტოს”-ი 1996 წლიდან აწარმოებს “აპტოს”-ის ძაფებს, რაც წარმატებით გამოიყენება, როგორც პლასტიკურ და ესთეტიკურ ქირურგიაში, ასევე დერმატო-კოსმეტოლოგიაში. “აპტოს”-ის ძაფების იდეის ავტორები არიან მარლენ, გიორგი და კონსტანტინე სულამანიძეები, რომლებმაც ქირურგიული ძაფის მოდიფიკაცია მოახდინეს, დანერგეს პლასტიკურ და ესთეტიკურ ქირურგიაში.
“აპტოს”-ის პროდუქტები და მეთოდები კი წარმატებით გამოიყენება მსოფლიოს 60 ქვეყანაში. კომპანიაში დანერგილია ISO 13485 და CE მარკირება. კომპანია ხშირად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა კონფერენციებში, კონგრესებსა და გამოფენებში. ატარებს ტრენინგებს, ნერგავს ახალ მეთოდებს და მუდმივად მუშაობს არსებული პროდუქტის გაუმჯობესებისთვის.

