
Check in Georgia-ს ფარგლებში საქართველოს სამ რეგიონში კონცერტები გაიმართა. 9 ივლისს ქალაქ გორში, სტალინის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე არსებულ სკვერში გაიმართა ნუცა ბუზალაძის, ქეთი ორჯონიკიძის, გიორგი სუხიტაშვილის, გიორგი ნადიბაიძის, მარიტა როხვაძისა და KOKA & T. BLUES MOB-ის კონცერტი. ქუთაისში, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში, ადგილობრივი მსმენელის წინაშე წარსდგნენ ჯგუფი „ფრანი“ და რობი კუხიანიძე ბენდით. კიდევ ერთი რეგიონული კონცერტი 9 ივლისს რუსთავში გაიმართა, სადაც ქალაქის კულტურისა და დასვენების პარკში რუსთაველი მსმენელის წინაშე ვაჟა მანია, ბოკა კვეკვესკირი, თიკა ჯამბურია, გვანცა ზაქარეიშვილი, GoofyLand და რუსთავის ჯაზ-ბენდი წარსდგნენ.
აპრილში დაწყებული პროექტი Check in Georgia წლის ბოლომდე გაგრძელდება და მთელი ქვეყნის მასშტაბით, 19 ქალაქში დაგეგმილ 150-ზე მეტ კულტურულ ღონისძიებას და 40-ზე მეტ ფესტივალს აერთიანებს. პროექტის ფარგლებში უკვე გაიმართა ოთხი გრანდიოზული კონცერტი – ქართველი მსმენელის წინაშე წარსდგნენ ეროს რამაზოტი, რობი უილიამსი, ჯგუფი Maroon 5 და ხოსე კარერასი.
