ეკრანზე ჰოლივუდის ცნობილი მექალთანეები ერთმანეთის მიყოლებით იცვლიან ამპლუას, თუმცა, რეალურ ცხოვრებაში კატეგორიულ უარს აცხადებენ მეუღლის როლის მორგებაზე. გთავაზობთ იმ ვარსკვლავების ნუსხას, ვინც არასდროს ყოფილა დაქორწინებული.
კევინ სპეისი
მართალია, “ოსკარის” ორგზის მფლობელს, 57 წლის კევინ სპეისის ცხოვრება უკვე მეორე ათეული წელია ფოტოკამერების ყურადღების ცენტრშია, მაგრამ ის არასდროს შეუმჩნევიათ ქალბატონებთან და მითუმეტეს პიკანტურ სიტუაციაში. რა თქმა უნდა, სპეისის კარჩაკეტილობამ ბევრი მის არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციაზე აალაპარაკა, მაგრამ ინსაიდერები ირწმუნებიან, რომ მსახიობს უბრალოდ კარგად გამოსდის თავისი მრავალრიცხოვანი საყვარლების დამალვა, მითუმეტეს, რომ მათ შორის არასდროს ყოფილან ცნობილი სახეები.
ლეონარდო დი კაპრიო
კიდევ ერთი მსახიობი, რომელიც დიდი ხანია ჰოლივუდის სანატრელ სასიძოდ ითვლება – ლეონარდო დი კაპრიოა. მართალია, ლეოს მეგობარი ქალის სტატუსზე ბევრი ლამაზმანი აცხადებდა პრეტენზიას (მათ შორის ჟიზელ ბუნდჰენი, ბარ რაფაელი, ერინ ჰიტერტონი და ტონი გარი), მაგრამ საბოლოო არჩევანი 41 წლის ვარსკვლავმა მაინც ვერ გააკეთა. თუმცა, თაყვანისმცემლები არ კარგავენ იმედს და დარწმუნებული არიან, რომ ერთ დღეს ცისფერთვალება ჯიუტი ბერბიჭაც გახდება ბედნიერი მეუღლე.
ალ პაჩინო
მიუხედავად სოლიდური ასაკისა (წელს მსახიობს 76 წელი შეუსრულდა), ალ პაჩინო არასდროს ყოფილა ოფიციალურად დაქორწინებული, თუმცა ამას სულაც არ შეუშლია მისთვის ხელი სამჯერ გამხდარიყო მამა და როგორც თავად აღნიშნავს, “შვილების დაბადება საუკეთესოა, რაც მის ცხოვრებაში ოდესმე მომხდარა”.
ოუენ უილსონი
კინაღამ ტრაგედიით დასრულდა ოუენ უილსონის ერთადერთი სერიოზული ურთიერთობა ქეით ჰადსონთან. შეყვარებულისგან მიტოვებულმა უილსონმა თავის მოკვლა სცადა, თუმცა, სწრაფად შეძლო დეპრესიისგან განთავისუფლება და ახლა ორ შვილს ზრდის, რომლებიც მას ყოფილი მეგობარი ქალებისგან შეეძინა. დაქორწინებას კი, 47 წლის უილსონი ჯერ არ ფიქრობს.
მეტ დილონი
2000-იანი წლების დასწყისში კამერონ დიასის ყოფილი შეყვარებული – მეტ დილონი, ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მსახიობად ითვლებოდა. მართალია, 52 წლის მსახიობის კარიერა ახლა სერიოზულ კრიზისს განიცდის, მაგრამ თაყვანისმცემლები მას მაინც არ აკლია. დილონი ირწმუნება, რომ ძალიან მოსწონს თავისუფლება, რადგან გარშემო უამრავი ლამაზი ქალია, ვისთანაც ყოველგვარი ვალდებულების გარეშე, უბრალოდ სასიამოვნოდ შეიძლება დროის გატარება.





