LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ზღვაზე „ჯინო გრინ სითის“ მშენებლობა იწყება

საპარტნიორო ფონდთან პარტნიორობით, „ჯინო გრინ სითი კორპორაცია“ „ჯინო გრინ სითის“ მშენებლობას იწყებს. პროექტი თბილისის ზღვის ტერიტორიაზე რეკრიაციული ინფრასტრუქტურის, სასტუმროების, გასართობი, სავაჭრო და საცხოვრებელი სახლების მშენებლობას გულისხმობს. პროექტის განსახორციელებლად, საპარტნიორო ფონდსა და „ჯინო გრინ სითი კორპორაციას“ შორის პარტნიორთა შეთანხმებას ხელი დღეს მოეწერა.

პარტნიორთა შეთანხმების ფარგლებში,  თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, აღმოსავლეთ ევროპაში პირველი, თანამედროვე ტიპის ეკო ქალაქი – „თბილისი ეკო გრინ სითი“ აშენდება. საინვესტიციო გეგმებში შედის ასევე გასართობი და საცხოვრებელი ინფრასტრუქტურის განვითარება. თბილისის მერიამ საპარტნიორო ფონდს 261 ჰა მიწის ფართობი გადასცა, რომელიც ეტაპობრივად გადაეცემა „ ჯინო გრინ სითის“ შესრულებული საინვესტიციო დაპირების შესაბამისად. ინვესტორის მიერ ამ ტერიტორიაზე საჯარო ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ, რაც მოიცავს გზებს, საბავშვო ბაღებს, სკოლებს, სავადმყოფოს და ა.შ.  83 ჰა მიწის ფართი ქალაქის მფლობელობაში იქნება.

„ჯინო გრინ სითი კორპორაცია“ სლოვაკურმა კომპანია „ჯინო ინვესტმა“ დააფუძნა.  პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 700 მლნ აშშ დოლარია. პროექტის დაფინანსებაში ჩართვას სლოვაკეთის ექსპორტის ფინანსირების ბანკიც გეგმავს.

ქართულ-სლოვაკურ მხარეებს შორის საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ მოლაპარაკებები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. „ჯინო ინვესტის“ მიერ საქართველოში დაგეგმილ საინვესტიციო პროექტების შესახებ გამართულ პრეზენტაციას საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე სლოვაკეთში საქმიანი ვიზიტის დროს მონაწილეობდა. ფონდის ხელმძღვანელი სლოვაკეთში ბიზნეს,  საბანკო, საფინანსო და საპროექტო წრეების  წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრების მთავარი თემა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები იყო.

სლოვაკი ინვესტორები საქართველოში ერთი თვის წინ იმყოფებოდნენ, დაათვალიერეს რეგიონები, მათ შორის რაჭა და საპარტნიორო ფონდთან თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი „ჯინო გრინ სითის“ პროექტის განსახორციელებლად.

საპარტნიორო ფონდმა „ჯინო ინვესტთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გასული წლის ნოემბერში გააფორმა.