ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა 2016 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი შეაჯამა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2016 წლის პირველ 8 თვეში საერთაშორისო მოგზაურების ჯამურმა რაოდენობამ 4,247,729 შეადგინა, რაც 322,075-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (ზრდა +8.2%).
„ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,851,917 შეადგინა, რაც 274,751-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან (ზრდა +17.4%). პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-აგვისტოში გამოირჩევიან ლატვია +27.2%, ჩეხეთი +16.3% და უნგრეთი +18.7%“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
მინისტრის განმარტებით, 2015 წლის ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 1.94 მილიარდ დოლარს (ზრდა +8.3), რაც 149 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
„2016 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 354.5 მილიონ დოლარს (ზრდა +15.7), რაც 48 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2015 წლის ჯამური მონაცემებით შეადგენს 6.7%-ს, ზრდა წინა წელთან შედარებით +16.2%-ია. 2016 წლის პირველ კვარტალში კი ტურიზმის წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 6.8% შეადგინა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +11.5%“, – აღნიშნა ქუმსიშვილმა.
ამასთან, ოფიციალური ინფორმაციით, 2016 წლის შვიდი თვის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადასახადო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 860,211 ათასი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს +11.6%-ით აღემატება.
„3 წელიწადში საქართველოს მასშტაბით 508 სასტუმრო შევიდა ექსპლუატაციაში, რაც 58%-ით აღემატება 2012 წლის ჩათვლით ექსპლუატაციაში შესული სასტუმროების რაოდენობას. 2016 წლის განმავლობაში საქართველოს განთავსების საშუალებების ბაზარს დაემატა 33 სასტუმრო 1,292 ოთახითა და 2,784 საწოლი ადგილით“, – განმარტა ქუმსიშვილმა.
