ბიზნეს სექტორის ბრუნვა მზარდია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2016 წლის მე-2 კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 10,8%-ით გაიზარდა და 14,2 მილიარდი ლარი შეადგინა.
ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2016 წლის მეორე კვარტალში მისი მოცულობა 7,5 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 7,5%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიდის მაჩვენებელს.
საქსტატის ცნობით, 2016 წლის მეორე კვარტალში მთლიანი ბრუნვის 79,1% მოდის მსხვილ ბიზნესზე, 9,6% – საშუალო, ხოლო 11,3% – მცირე ბიზნესზე ნაწილდება.
ოდნავ განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 78,7%, საშუალოზე – 10,5%, ხოლო მცირე ბიზნესზე – 10,8%.
როგორც სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში აცხადებენ, საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2016 წლის მეორე კვარტლის განმავლობაში 10,4 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.4%-ით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა – 6,5 მლრდ. ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6,2 %-ით მეტი ).
მათივე ცნობით, დასაქმებულთა საშუალო რაოდენობამ 601,0 ათასი კაცი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 5,7%-ით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 40,6% ქალია, ხოლო 59,4% – კაცი:
დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 60,9% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 14,4% – საშუალო, ხოლო დარჩენილი 24,7% – მცირე ბიზნესზე.
დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 564,5 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით – 3,1%-ით მეტი), საწარმოთა მთლიანმა დანახარჯებმა პერსონალზე – 1668,4 მლნ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7,0 %-ით მეტი ).
2016 წლის მეორე კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნესსექტორში 978,1 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 35.9 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა – 727,5 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 37,4 ლარით).
საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია – მსხვილი ბიზნესი – 1148,0 ლარი, საშუალო ბიზნესი – 783,0 ლარი, მცირე ბიზნესი – 582,0 ლარი.
